თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს აღუთქვა დახმარება იარაღის მოწოდებაზე, ძალიან მწარედ ცდებით, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
ოპოზიციის წევრები დაინტერესდნენ, რატომ არ გააგრძელა დღევანდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების დროს აშშ-სთან დაწყებული მოლაპარაკებები საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვითი სისტემების მოწოდების საკითხზე.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2008 წლის ომის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "მსოფლიო ლიდერები ხელსაც არ ართმევდნენ, იმდენად იყო დისკრედიტებული ამ პროცესების შემდეგ".
"მას პრაქტიკულად აღარ ჩაესვლებოდა ამერიკაში. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სააკაშვილს აღუთქვა დახმარება იარაღის მოწოდებაზე, ძალიან მწარედ ცდებით. ეს ილუზია თქვენთვის შეინახეთ. ჩვენ არ გვჭირდება ილუზიებით ცხოვრება და არც ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში", - მიმართა ღარიბაშვილმა უმცირესობის წევრებს.
პრემიერმა მოუწოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ტყუილები დაასრულონ. "თქვენ აღარ ხართ ხელისუფლებაში და აღარასოდეს აღარ იქნებით", -განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, სწორედ მისმა მთავრობამ დაიწყო პირველად მოლაპარაკებები თავდაცვით სისტემებზე.
"გვაქვს რეალური პერსპექტივები იგივე საფრანგეთთან, რომელიც არ გაჩერებულა, ამას თქვენი და "თავისუფალი დემოკრატების" გასაგონად ვამბობ. არ გაჩერებულა არც ერთი მოლაპარაკება. უფრო გონივრულ პაკეტზე ვყალიბდებით. ასევე აშშ-სთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა. აქვე პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ თემებზე ღიად საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია, თუმცა დაადასტურა, რომ ასეთი მოლაპარაკებები ნამდვილად მიდის.