"სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" განხორციელების შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით საქართველოს მიერ ნაწილობრივ შესრულებული პუნქტები შემდეგია: თავშესაფრის პოლიტიკა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ნარკობიზნესთან ბრძოლა და ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.
ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავშესაფართან დაკავშირებული მყარი საკანონმდებლო ბაზა საქართველომ შედარებით მოკლე ვადაში მიიღო, ხოლო ზოგადად, კანონის აღსრულება დაკმაყოფილებულია. ასევე დოკუმენტის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის პროცედურის ხარისხი ზოგადად მისაღებია. "2014 წლის 15 ნოემბრიდან დაინერგა და ყველა თავშესაფრის მაძიებელზე გაიცემა დროებითი პირადობის მოწმობა. შეიქმნა და კარგად ფუნქციონირებს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის (COI) განყოფილება. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციის მიმართულებით, მაგალითად, მათ მიენიჭათ ჯანდაცვისა და დასაქმების ისეთივე გარანტიები, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს", - აღნიშნულია დასკვნაში.
თუმცა, იქვე ევროკომისიას მითითებული აქვს რეკომენდაციების გრძელი სია, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ:
"• გაგრძელოს ჰუმანიტარულ საფუძველზე ვიზების გაცემის პროცედურების შემუშავებაზე მუშაობა;
• შექმნას თავშესაფრის შესახებ განაცხადებზე გადაწყვეტილების მიღების ხარისხის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხარისხის მკაფიო ინდიკატორებზე იქნება დაფუძნებული;
• შეიმუშავოს დაგროვილი საქმეების მართვის სტრატეგია და მოულოდნელი ნაკადების საგანგებო მართვის სისტემა; ხელმისაწვდომი გახადოს საკმარისი ოდენობის ადამიანური და ფინანსური რესურსები;
• უზრუნველყოს, როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეძლოს საქმეებზე მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება, დამოუკიდებლად და მხოლოდ კონკრეტული საქმის გარემოებების შესაბამისად. იმ განმცხადებლებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც თავშესაფარზე უარი მიიღო, უნდა მიეცეთ თუნდაც მინიმალური წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე, რომელზე დაყრდნობითაც გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლონ მისი სასამართლოში გასაჩივრება სამართლიანი სასამართლოს პრინციპით.
• შეიმუშავოს სტანდარტული ეროვნული სასწავლო პროგრამა როგორც ახალი, ისე გამოცდილი თანამშრომლებისათვის.
• შემოიღოს წარმოშობის ქვეყნების მონაცემთა ბაზა და ანგარიშები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება განაცხადებზე მომუშავე ყველა თანამშრომლისთვის. განაცხადებზე მომუშავე თანამშრომლებს ჩაუტაროს ტრენინგები წარმოშობის ქვეყნის ძირითადი პრინციპების შესახებ. შემოიღოს მკაფიო გამიჯვნა წარმოშობის ქვეყანასა და თავშესაფრის პოლიტიკით უზრუნველყოფილ პროდუქტებს შორის. უზრუნველყოს სამუშაო ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებში არსებული წარმოშობის ქვეყნის უწყებებთან.
• გადადგას ნაბიჯები იმის შესაფასებლად, თუ როგორ უნდა შემცირდეს საბუთების დამუშავების ვადა გასაჩივრების ეტაპზე და დაინერგოს უფრო გონივრული ვადა სასამართლოში გასაჩივრებისათვის, ვინაიდან დღეს არსებული 10-დღიანი პერიოდი მეტისმეტად ხანმოკლეა.
• სააპელაციო პროცედურებისათვის ჩამოაყალიბოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადვილად ხელმისაწვდომი, დამოუკიდებელი და მაღალხარისხიანი უფასო იურიდიული დახმარების სისტემა.
• გააგრძელოს მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლტოლვილებს, რომლებსაც სურთ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, პრაქტიკაში ხელი მიუწვდებოდეთ ნატურალიზაციის პროცედურაზე.
• მიღწეულ წინსვლაზე დამატებით, შეიმუშავოს ადგილებზე ინტეგრაციის სტრატეგია, მკაფიო, ეტაპობრივად გაწერილი სამოქმედო გეგმით. უზრუნველყოს საკმარისი მოცულობის სახელმწიფო დაფინანსება და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმი".
ნაწილობრივ შესრულებულ პუნქტად ითვლება ადამიანთა ტრეფიკინგის სფეროში არსებული ნიშნულები. თუმცა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კუთხით მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. "კანონმდებლობა ყოვლისმომცველია; შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც იძლევა ძირითად მხარეებს შორის კოორდინაციისა და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის საშუალებას", - წერია დოკუმენტში, თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ სახეზეა მნიშვნელოვანი სისუსტეები, როდესაც საქმე ეხება დაუცველი მსხვერპლის, განსაკუთრებით ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას: "კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით აღჭურვილი შრომის ინსპექციის სისტემის არარსებობა ზღუდავს იძულებითი შრომის მიზნით ტრეფიკინგის აღკვეთის შესაძლებლობას. შეშფოთებას იწვევს შემთხვევების მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობა; შეშფოთების საგანია ასევე ის, რომ ვერ ხერხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა". ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს ამ კუთხითაც აძლევს:
"• გადახედოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებას, კერძოდ, არსებული თავშესაფრების მოწყობასა და საქმიანობას და უზრუნველყოს, რომ ადეკვატურად დაკმაყოფილდეს მათი საჭიროებები, ვისაც თან ბავშვები ახლავს.
• გადახედოს ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას, რომ ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა იდენტიფიცირებული და შესაძლო მსხვერპლისთვის.
• გადახედოს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის სტატუსს, მანდატს და უფლებამოსილებას, რომ მან შეძლოს შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის იდენტიფიცირება და ჰქონდეს მსგავს დარღვევებზე რეაგირების უნარი.
• გადადგას ნაბიჯები ყველა სახის ექსპლუატაციის პროაქტიური, დაზვერვის მასალებზე დაფუძნებული უფრო ინტენსიური გამოძიების საწარმოებლად.
• შეიმუშავოს მკაცრი მიდგომა მათ წინააღმდეგ, ვინც სარგებლობს კომერციული სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ქალების ტრეფიკინგით; მიდგომას უნდა ჰქონდეს ორმხრივი ამოცანა – ჩვენებების უზრუნველყოფა და ამგვარ მომსახურებაზე მოთხოვნის აღმოფხვრა.
• გადახედოს და გააუმჯობესოს ამ სფეროში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციებიდან მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რომ უკეთ განისაზღვროს ტრეფიკინგის მსხვეპლთა რაოდენობა, სქესი, ასაკი, ეროვნება და ექსპლუატაციის ტიპი.
• გადახედოს და გადაახალისოს სხვადასხვა ცხელი ხაზები იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი შეტყობინებების მიღება საზოგადოებისა და მსხვეპლების მხრიდან.
• გაიზარდოს კავშირები და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ,,ევროპოლის" მიერ მიჩნეულნი არიან როგორც ტრეფიკინგის ძირითადი დანიშნულების ადგილები და წყაროები, ესენია: თურქეთი, ასევე აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი".
რაც შეეხება კორუფციის თავიდან აცილების პუნქტს, ევროკომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის გასამტკიცებლად მრავალრიცხოვანი ღონისძიებები გატარდა და ტარდება. ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება უნდა მოხდეს ღიად, პიროვნული ღირსებების გათვალისწინებით, ობიექტურად და გამჭვირვალედ, არასათანადო პოლიტიკური გავლენის გარეშე. "გრძელდება გაუმჯობესებული დამცავი ზომების გატარება საპროცესო შეთანხმების არასწორი გამოყენების წინააღმდეგ, რომელსაც პატიმრობაში მყოფი პირები აწერდნენ ხელს, განსაკუთრებით 2012 წლის წინანდელი პერიოდის თანამდებობრივი გადაცდომების პირობებში. იმ მოქმედი მოსამართლეების ხელახალი დანიშვნის პროცედურა, რომლებსაც ათწლიანი ვადა ეწურებათ, საგანგებო მონიტორინგის საგანი უნდა გახდეს, რადგან ამას უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ზოგადად მართლმსაჯულების აღსრულებისთვის. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მოქმედი მოსამართლის მოსახსნელად ფაქტობრივი მიზეზები არსებობს, უნდა მოხდეს ამგვარი ხელახალი დანიშვნა", - წერია დასკვნაში. რაც შეეხება ამ მხრივ გაცემულ რეკომენდაციებს, ევროკომისია საქართველოს მთავრობას ურჩევს:
"• გაატაროს სახელმწიფო სამსახურის რეფორმა და მიიღოს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ, განსაზღვრონ პროფესიონალური და დეპოლიტიზებული სახელმწიფო სამსახურის სტანდარტები. კანონში გათალისწინებული უნდა იქნეს დამატებითი დამცავი ზომები სახელმწიფო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის განთავისუფლებასთან დაკავშირებით;
• დააწესოს ქონებრივი დეკლარაციის ფორმების სისტემატური კონტროლი, რომელიც გამაგრებული იქნება უსაფუძვლო გამდიდრების, ინტერესთა კონფლიქტის და შეუთავსებლობის წინააღმდეგ მიმართული სანქციების სისტემით. ახალი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ქონებრივი დეკლარაციების კონტროლს, უნდა ითვალისწინებდეს სიღრმისეული კონტროლის პროცედურებს დაუსაბუთებელი სიმდიდრის, ინტერესთა კონფლიქტის და შეუთავსებლობის გამოსავლენად, აგრეთვე სათანადო შემაკავებელ სანქციებს. მნიშვნელოვანია, რომ დაარსდეს საგანგებო უწყება, რომელიც აღნიშნული კონტროლის შედეგებს შეისწავლის, ან უკვე არსებულ უწყებას დაევალოს ამის გაკეთება;
• უზრუნველყოს, რომ წესები, რომლებშიც განსაზღვრულია კრიტერიუმები სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებისთვის სატენდერო პროცესის გარეშე, გარკვევით მიუთითებდეს იმ კონკრეტულ გარემოებებს, როდესაც ამის გაკეთება შეიძლება, და იმ პროცედურებს, რომლებიც უნდა შესრულდეს. აღნიშნულ პროცედურებში უნდა იყოს მოთხოვნა საზოგადოებრივი აზრის და საპირისპირო მოსაზრებების მქონე ადამიანების აზრის გათვალისწინების შესახებ. საჭიროა, რომ გადაწყვეტილებას ტენდერზე უარის თქმის შესახებ დამოუკიდებლად ამტკიცებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
• კიდევ უფრო განამტკიცოს ინფორმატორების (whistle-blowers) რეალური დაცვა ანგარიშების უსაფრთხო წარმოდგენასთან დაკავშირებით წესებისა და პროცედურების შემოღებით, გაზარდოს საჯარო მოხელეების ცოდნა ინფორმატორობის (whistle-blowers) პრაქტიკასთან დაკავშირებით;
• გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ყველა რეკომენდაციის განხორციელებისთვის".
დაბოლოს, ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ნიშნულები. " მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ნარკოტიკების საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა. აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა კვლავაც სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს", - წერია დასკვნაში. რაც შეეხება ამ მხრივ გაცემულ რეკომენდაციებს, ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს "კიდევ უფრო გააძლიეროს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პოლიტიკის ის მხარე, რომელიც დაკავშირებულია მოწოდების შემცირებასთან, მათ შორის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, რომლებიც მიზნად დაისახავს გამიჯნოს ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ფლობა და მათი რეალიზაცია; და გაითვალისწინოს სამართლებრივი კონტროლის შემოღება პოლიციის მიერ დაუგეგმავად განხორციელებულ ნარკოშემოწმებებზე".