ეროვნული ბანკის ქმედებების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეროვნული ბანკის პრეიდეტი ეხმაურება. გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ვერანაირი საგამოძიებო კომისია, ვერანაირი ზეწოლა და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ აიძულებს მას მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას "ყველასთვის ცხადია, ეს არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რომ დახარჯოს სავალუტო რეზერვი. მე გავუმარტივებ ამოცანას ამ იდეის ავტორებს და ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას, გაფლანგვას. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ის, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია და ხშირ შემთხვევაში დამღუპველი, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. მარტივად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სავალუტო რეზერვი არ არის ჩვენი ან ეროვნული ბანკის საკუთრება. ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვი არის თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი შვილების მატერიალური დოვლათი, გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურად ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება. ეს არის გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში 90-იანი წლები არ განმეორდება არასდროს... რეზერვების ხარჯვა, არ არის პრობლემების გადაჭრის გზა. პრობლემების გადაჭრა არის სხვაგან და ამაზე და სხვა ყველა დეტალზე მექნება საუბარი წლიური ანაგრიშის დროს, როდესაც პარლამენტში წარვსდგები", - განაცხადა ქადაგიძემ.