„საქართველოსთან მიმართებაში ალიანსის დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად დადებითია“

„საქართველოსთან მიმართებაში ალიანსის დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად დადებითია“

ნატო-ში საქართველოს ელჩის ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, ყოველ შეხვედრაზე ალიანსის წევრები საქართველოს მიმართ სრულ მხარდაჭერას აფიქსირებენ.

ალექსანდრე მაისურაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან  იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს საელჩოს ნატო-ში ექნება.

„მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, რომ რაც შეიძლება დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ალიანსთან, რაც შიძლება უფრო წინ წაიწიოს ჩვენი ინტეგრაციის პროცესმა. საქართველოსთან მიმართებაში ალიანსის დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად დადებითია, რადგანაც საქართველო ძალიან აქტიური პარტნიორი სახელმწიფოა, რომელიც ბევრ საკითხში, ბევრ განზომილებაში უკვე წარმოაჩენს თავის თავს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა მაისურაძემ.

მან ასევე, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის  მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საწვრთნელი ცენტრის ადგილი ინტერესშია მოქცეული. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ხაზი მინდა გავუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად მოხდება. ამ ყველაფრის მთავრ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქართულმა შენაერთებმა ალიანსის სწრაფი რეაგირების შენაერთებში მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა მაისურაძემ.

ნატო-ში საქართველოს ელჩის განცხადებით, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტარეიალს, რომელიც რამდენიმე დღეში ანტალიაში გაიმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც დაესწრება. გარდა ამისა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ჩატარდება, რომლის მუშაობაშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, ნატო-ში საქართველოს წამომადგენლობას საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრთან უკვე ჰქონდა კომუნიკაცია და მისგან დავალებებიც მიიღო.

ალექსანდრე მაისურაძე პოსტზე მუშაობას ერთი კვირის წინ შეუდგა.