ის დეპუტატები, რომლებიც მხარს დაუჭერენ პარლამენტში მთავრობის ახალ შემადგენლობას, პასუხისმგებელი იქნებიან ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე- აცხადებს ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, კონკრეტული გეგმა არ გააჩნია.
,,პარლამენტში განხილვებმა კარგად დაგვანახა სამწუხარო რეალობა, რომ მთავრობის შემადგენლობას არანაირი კონკრეტული ხედვა არ აქვს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის. არ არსებობს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა, რომლის განხორციელებაც გაამყარებს და ჩვენს მოსახლეობას რომელიც ყოველდღიურად ღატაკდება, რაიმე ელემენტარულ გარანტიას მისცემს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. არ არსებობს არანაირი კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების ჩადებას. ეს ბუნებრივია, უფრო მეტად ამყარებს უიმედობას ამ ხელისუფლების მიმართ და საქართველოს მიმართ, როგორც მომხიბვლელი საინვესტიციო ქვეყნის მიმართ. ვინც დღეს ამ მთავრობას მხარს დაუჭერს, ის თავადაც აიღებს პასუხისმგებლობას იმ უმოქმედობაზე, რომელიც კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა ხელისუფლებამ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პარლამენტში დღეს დეპუტატებმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.