ნეპალში 25 აპრილს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო მილიონამდე ბავშვი სკოლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია "იუნისეფი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ნეპალში ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში 10-დან 9 სკოლა სტიქიამ გაანადგურა. დაზიანებულია ან სრულიან განადგურებულია 24 000-ზე მეტი საკლასო ოთახი. "იუნისეფი" ცდილობს ნეპალელი სკოლის მოსწავლეებისათვის დროებით სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას.
ამ დროისათვის ნეპალში ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, სკოლების დიდი ნაწილი თავშესაფრებადაა ქცეული.
მთავრობის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 15 მაისს აღდგება.
ნეპალში მიწისძვრის შედეგად 8 000-მდე ადამიანი დაიღუპა, 14 000-მდე კი დაშავდა. სოფლების ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. მიუვალ ადგილებში დარჩენილი მოსახლეობა ამ დრომდე შველას ელოდება.
7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ქვეყნის ცენტრალური ნაწილი, განადგურდა ათასობით საცხოვრებელი სახლი, ისტორიული შენობა და სხვა ინფრასტრუქტურა.