"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა პრემიერ-მინისტრს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და სამართლიანობის აღდგენის თაობაზე გაცემული დაპირებები შეახსენა.
აღნიშნულ საკითხებზე ცაგარეიშვილმა ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ არც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით შეინიშნება პოზიტიური დინამიკა და ბევრი გახმაურებული საქმეც ისევ გაუხსნელია.
"ჩვენ გვაინტერესებს ვინ სცემა კობა დავითაშვილი, რომელიც მოიტაცეს და დააგდეს გორში ჰოსპიტლის კარიბჭესთან. კიდევ შეგახსენოთ? - გვაინტერესებს ვინ სცემა ზურა აბაშიძე 15 ივნისს და ხომ არ იყო იმ ცემა-ტყეპის დროს ადგილზე ბევრი ნაძირალა, რომელიც ახლა დაწინაურებულია სხვადასხვა თანამდებობაზე? - მე ისე, ეჭვის სახით ვამბობ ამას. სასტიკად იყო ნაცემი დაჩი ცაგურია და ჩვენი ბევრი სხვა მეგობარი. სად არის, რატომ არ გაიხსნა ეს საქმეები?! გაუთავებლად შეგვიძლია გავაგრძელოთ, მათ შორის, რა ხდება იმ საქმის ირგვლივ, რომელიც 26 მაისს დახოცილ ადამიანებს უკავშირდება, შემდეგ მაღაზიის თავზე რომ შემოაგდეს. მარტო სააკაშვილი იყო დამნაშავე?! რატომ არ აგეს იმ ადამიანებმა პასუხი, ვინც არბევდნენ და ხოცავდნენ ჩვენს მეგობრებს ქუჩაში?! სად არიან?! რატომ არ არის ეს და კიდევ სხვა საქმეები გამოძიებული?! ამიხსენით!", - მიმართა ცაგარეიშვილმა პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავის მხრივ, დეპუტატისგან დაინტერესდა იმით, სად იყო ამ ორი წლის განმავლობაში და რატომ არ ლაპარაკობდა აღნიშნულზე.
ცაგარეიშვილის განმარტებით, ის ამ თემებზე ყოველთვის საუბრობდა. "მე ვლაპარაკობ გულისტკივილით. თქვენ ხართ დღეს პრემიერ-მინისტრი და ამიტომ თქვენგან ვითხოვ სამართლიანობას - საქმეები იყოს გამოძიებული"", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.