არ არის აუცილებელი პარლამენტში დაიბაროთ მთავარი პროკურორი და რაღაც შოუ მოუწყოს

არ არის აუცილებელი პარლამენტში დაიბაროთ მთავარი პროკურორი და რაღაც შოუ მოუწყოს "ნაციონალურმა მოძრაობამ"

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროკურატურაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება იგეგმება.

როგორც ღარიბაშვილმა "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრისას განაცხადა, რეფორმების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. პრემიერი ასევე "დემოკრატების" მიერ პარლამენტში მთავარი პროკურორის დაბარების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურორის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა "ნაციონალებმა" შეიძლება პოლიტიკური შოუს ნაწილად აქციონ.

"არ არის აუცილებელი დაიბაროთ პარლამენტში მთავარი პროკურორი და აქ რაღაც შოუ მოუწყოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და თქვენც ამ შოუს თანამონაწილე გახდეთ. შეგიძლიათ და შეგეძლოთ ძალიან მარტივად მიმართოთ, როგორც პარლამენტის წევრმა ამ დეპარტამენტის საქმიანობასთან და მექანიზმებთან დაკავშირებით პროკურატურას და მიიღებდით პასუხსაც. თუ ამ პასუხს ვერ მიიღებთ, მაშინ საჯაროდ შეგიძლიათ გააკრიტიკოთ მთავრობა. ეს იყო ჩვენი წინასაარჩენო დაპირება, რომ ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ რეფორმებს. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას რეფორმა. პირველი ეტაპი ამ რეფორმისა ჩვენ უკვე განვახორციელეთ და მოვედით ხელისუფლებაში. ვგულისხმობ იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის გამიჯვნას პროკურატურის საქმიანობისგან. ეს უკვე მოხდა.Aახლა ჩვენ საუბარი გვაქვს პროკურატურის ძირეულ რეფორმაზე, რომელიც გულისხმობს სპეციალური ბორდის შექმნას, მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევას და შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცებას. ეს უახლოეს თვეებში მოხდება. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმას. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ ვიყოთ ასოცირებული პროკურატურის საქმიანობასთან. ჩვენ გვსურს მაქსიმალურად გავემიჯნოთ პროკურატურას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.