ლართან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ სერიოზულია - ჩვენ ამას არ გავურბივართ და არასდროს გვითქვამს, რომ პრობლემას არ ვაღიარებთ, - აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
ლარის გაუფასურებასთან და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით კითხვით ღარიბაშვილს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა მიმართა.
"ბოლო ექვსი თვეა მოსახლეობის მნიშვნელოვანი გაღარიბება მიმდინარეობს. თითოეულმა ოჯახმა იწვნია ლარის 30%-ით გაუფასურება. მთავრობა პირველ თვეებში არ აღიარებდა, რომ ეს სერიოზული პრობლემა იყო. პირიქით, გვესმოდა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. არგუმენტები იყო ის, რომ სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდებოდა. უკვე 2015 წლის თებერვალში ითქვა, რომ წარმოადგენდნენ პრობლემის დაძლევის კონკრეტულ გეგმას. პარლამენტში კონკრეტული გეგმა არ გვინახავს, თუმცა საკითხის განხილვა მხოლოდ საკომიტეტო მოსმენით შემოიფარგლა. რას სთავაზობთ მოსახლეობას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. დაგვისახელეთ სამი-ოთხი ღონისძიება, რაც დაიწყეთ ან აპირებთ გააკეთოთ", - მიმართა ღარიბაშვილს დავით ონოფრიშვილმა, რომელმაც ამ მიმართულებით მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მონიტარულ პოლიტიკაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება. მისივე თქმით, მთავრობა საკუთარ ნაწილში იღებს პასუხისმგებლობას.
"ლართან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ სერიოზულია. ჩვენ ამას არ გავურბივართ და არასდროს გვითქვამს, რომ ამას არ ვაღიარებთ. ეს არის რეალობა. მაგრამ მინდა განვმარტო, რომ სამწუხაროდ, საქართველო გამონაკლისი ქვეყანა ვერ იქნებოდა, რადგან ჩვენ ვართ ძალიან პატარა ეკონომიკა, რომელიც მიერთებულია მსოფლიო ეკონომიკასთან და რა თქმა უნდა, რეგიონში არსებული სიტუაცია პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე - ვგულისხმობ რუსეთისა და უკრაინის კრიზისს. ევროპის შუაგულში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანმა, რომელიც არის გაცილებით მდიდარი, ძლიერი ეკონომიკით, დეკემბრის თვეში საკუთარი რეზერვებიდან 1.2 მილიარდი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ვალუტის კურსი შეენარჩუნებინა. იანვარში კიდევ მილიარდი დოლარი დახარჯა, მაგრამ სამწუხაროდ, ვეღარ შეძლეს და ერთ დღეში მათი ვალუტის 34%-ით გაუფასურება მოხდა. ჩვენ მივიღეთ 30%-ით გაუფასურება. ეს განპირობებულია საგარეო შოკებით. დოლარის გამყარებამ გამოიწვია გამყარება ჩვენ ვალუტასთანაც და ამას, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შევუშლიდით და ვერ შევეწინააღმდეგებოდით", - განაცხადა ღარიბაშვილმა "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრისას.
რაც შეეხება მთავრობის გეგმებს, მან საპრივატიზაციო გეგმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში 300 მილიონი დოლარის შემოსვლას ელიან, რადგან გასხვისდება გარდაბნის თბოელექტროსადგური. პრემიერის განმარტებით, დადებითი ტენდენციებია ტურიზმისა და ექსპორტის ზრდის მიმართულებით.