"2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგები დავდეთ"

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგები დავდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვან შედეგებს შორისაა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც, პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესია ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესში. "შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო. განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმა. დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები. შეწყდა პოლიტიკური მოტივით მოქალაქეთა დევნა. განადგურდა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი 155 დისკი. შეწყდა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება. პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა მედია, სასამართლო, პროკურატურა, ბიზნესი", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა თითოეულ სფეროზე ცალ-ცალკეც გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობამ შეძლო და დღეს დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე. "დასრულდა 84 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარით გაიზარდა და 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 600-ის ნაცვლად, გახდა 1000 ლარი. დაიწყო უპრეცედენტო პროგრამა - ჩ ჰეპატიტის ელიმინაცია. მკურნალობა ყველა დაავადებულისთვის არის ხელმისაწვდომი. სახელმწიფო მოქალაქეებს უფასოდ გაუწევს - წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების მკურნალობას. ასეთი პროექტი არ განხორციელებულა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი, გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა. 6 რეგიონში ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება, მთაში - 200, ბარში - 150 ლარი. ჩვენი ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდის მეშვეობით ონკოლოგიური დაავადების მქონე 77 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა, რამაც ბევრი მათგანის ოჯახს ახალი სიცოცხლე აჩუქა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა შემომწირველს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ კეთილშობილურ საქმეში. სოლიდარობის ფონდის შექმნით ჩვენ ხელი შევუწყვეთ სოლიდარული საზოგადოების შექმნას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. რაც შეეხება დევნილებს, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 29 479 დევნილი ოჯახი. "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში 400-მდე დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა სახლის შესყიდვაზე. სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 მილიონი ლარის დახმარება. საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფილია 90 ეკომიგრანტი ოჯახი, 1 200 ეკომიგრანტს უკანონდება საცხოვრებელი სახლი", - განმარტა მან. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სექტორზეც ისაუბრა და ერთ-ერთ მიღწევად დაასახელა ის, რომ მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოების 1 016 700 კომპლექტი მიიღეს. "უფასო სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება 52 000-ზე მეტ მოსწავლეს. უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო. გაიზარდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა. სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლის 20 ათასამდე სტუდენტი. აშენდა 8 ახალი სკოლა, შენდება 9 ახალი სკოლა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 18 სკოლის პროექტირება, რომელთაგან 4 სკოლის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. რეაბილიტაცია ჩაუტდა 1 000 სკოლას. შემუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის საშუალებითაც პედაგოგებს ემატებათ ხელფასები. 20 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა მეცნიერების აუდიტი, შეიქმნა კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომელიც ქვეყანაში მეცნიერების განვითარების მიზნით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე მუშაობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.