გასულ კვირას უნიკალური რამ მოხდა,

გასულ კვირას უნიკალური რამ მოხდა, "რესპუბლიკელებმა" და "დემოკრატებმა" ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს

ამერიკელი კონგრესმენის, ჯოუ ვილსონის შეფასებით, საქართელო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მტკიცე და სანდო სტრატეგიული პარტნიორია. მისივე თქმით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს და შეეცდება, მხარი დაუჭიროს ქვეყნის ინტერესებს რიგაში.

აღნიშნული განცხადებები ჯოუ ვილსონმა პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდა კონგრესის კიდევ ორი წარმომადგენელი - მადელინ ბორდალო და რიდ რიბლი.

"ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ განვლო ისტორია, რომელიც მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და განვითარებას უკავშირდებოდა. ჩვენს ქვეყნებს უწევთ დიდი ძალისხმევის წარმოება, რათა მოხდეს კორუფციასთან ბრძოლა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ამ მხრივ ნამდვილად დიდი სამუშაოა ჩატარებული და კორუფციის ხარისხი საგრძნობლად შემცირებულია. საქართველო დგამს ნაბიჯებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დასაახლოებლად, მათ შორის გამოვყოფდი გასულ წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. ამერიკა თქვენ მხარს გიჭერთ თქვენს მისწრაფებებში და შევეცდებით, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და საქართველოს ინტერესებს რიგაში",-აღნიშნა კონგრესმენმა.

ჯოუ ვილსონმა ხაზგასმით ისაუბრა ქართველი სამხედროების შესახებ. "საქართელო არის მტკიცე და სანდო სტრატეგიული პარტნიორი აშშ-სთვის. პირადად გავცნობილვარ და მქონია შესაძლებლობა, მეხილა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი, მზადყოფნა და უნარჩვევები. ჩემი ორი უფროსი ვაჟი მსახურეობდაქართველ სამხედროებთან ერთად ერაყში, ხოლო ჩემს უმცროს ვაჟს ჰქონდა შესაძლებლობა, ინჟინრის პოზიციაზე ეთანამშრომლა ქართველ სამხედროებთან ავღანეთში. ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის ის ფაქტი, რომ საწრთვნელი ბაზა იქნება შექმნილი საქართველოში. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვართ მოწმენი ისეთი მოვლენებისა, რაც მეტყველებს და ამყარებს მეგობრობას ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯოუ ვილსონმა, რომელიც კონგრესში შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში, პოტენციური საფრთხეების საქმეთა ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობს.

მან აღნიშნა, რომ გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც კვლავ დაადასტურა, რომ საქართველო არის ღირებული მეგობარი ამერიკისთვის.

"უნიკალური რამ მოხდა. "რესპუბლიკელებმა" და "დემოკრატებმა", ყველამ ერთხმად, დაუჭირეს მხარი საქართველოს", - დასძინა მან.