იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დეპუტატებს შორის ურთიერთშეკამათებაში გადაიზარდა.
უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები სხდომაზე მას შემდეგ შეკამათდნენ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის წევრებს განუმარტა, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომის მიერ დამტკიცებული განრიგით, მინისტრების მოსასმენად მათ 2 საათიანი დრო ჰქონდათ. , ხმალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის წარმომადგენლებისთვის შეკითხვების დასასმელად თითო, ოპოზიციის წევრებს კი 2 წუთი გამოუყო.
"ვითვალისწინებთ იმას, რომ ოპოზიციას მეტი შეკითხვები აქვს უმრავლესობასთან შედარებით, ამიტომაც მმართველი გუნდის წევრებს შეკითხვებისთვის მიეცემათ 1, ოპოზიციას კი 2 წუთი", - განაცხადა სხდომაზე ხმალაძემ.
აღნიშნული გააპროტესტა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ და განმარტა, რომ 2-წუთიანი დრო მინისტრებისთვის შეკითხვის დასასმელად საკმარისი არ იყო.
"42 წუთი უკვე ისაუბრეს მინისტრებმა. იმ დროში, რასაც თქვენ გვთავაზობთ გვექნება მარტო კითხვის დაწყების და არა დასმის შესაძლებლობა. არც ერთი ეს მინისტრი სხვა კომიტეტის სხდომაზე აღარ მიდის, ამიტომ დროში შეზღუდული არ ვართ. დავსვათ შეკითხვები", - განაცხადა ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის აღნიშნულ განცხადებას კვლავ ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა 2 საათზე მეტხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან აღნიშნულ დარბაზში სხვა ღონისძიება იყო ჩანიშნული.
"ვერ გავაგრძელებთ აქ სხდომას, რადგან ამ დარბაზში ტარდება სხვა სხდომა და სხვა დარბაზი, რომელშიც ეს ხალხი დაეტევა, აღარ არის", - განმარტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ხმალაძის საპასუხოდ ვაშაძემ ისევ აღნიშნა, რომ პარლამენტის შენობის პირველ სართულზე იყო დარბაზი, რომელშიც "ორჯერ მეტი ხალხი დაეტევა".
"პირველ სართულზე არის დარბაზი, სადაც ორჯერ მეტი ხალხი დაეტევა, ეს არ არის არგუმენტი. პარლამენტის წევრები არ არიან მსმენელები. პარლამენტის წევრები არჩეულები არიან იმისთვის, რომ დასვან ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ძალიან გთხოვთ დრო გავახანგრძლივოთ", - მიმართა ვაშაძემ ხმალაძეს, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განრიგი ბიუროს სხდომის მიერ დამტკიცდა და ამის გამო ის აღარ შეიცვლება.
ხმალაძე-ვაშაძის შეკამათებაში ჩაერთო "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი სერგო რატიანი. მან "დაცინვა" უწოდა მინისტრებისთვის შეკითხვების დასასმელად ოპოზიციისთვის მხოლოდ 2 წუთის გამოყოფას. "ნაციონალების" რეპლიკას რეპლიკით უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა ოთარ ჩრდილელმაც, რომელმაც ოპოზიციონერი კოლეგების მისამართით აღნიშნა, რომ ისინი "მთელი ცხოვრება მსმენელები იყვნენ და აქამდე ხმა არ ამოუღიათ".
აღნიშნულის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოთხი კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.