მთავარი პროკურატურის რეფორმირების კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიაწოდა. წულუკიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავარ პროკურორს მომავალში პარლამენტი აირჩევს.
"ჩვენ დავიწყეთ პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა და ძალიან მალე შემოგთავაზებთ მთავრობის მიერ დამტკიცებულ მოდელს - შეიქმნება საპროკურორო საბჭო, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავად პროკურატურა, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის არჩევნებსა და კანდიდატურის განსაზღვრაში ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოოდ, მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს. იმედია, ეს წელსვე მოხდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.