"ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ მთავრობას, რომელიც არაფორმალურ მართვას თანხმდება"

ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ მთავრობას, რომელსაც არა აქვს უნარი, უპასუხოს პრობლემებს და რომელიც ეგუება და თანხმდება არაფორმალურ მართვას , - ამის შესახებ შალვა შავგულიძემ განაცხადა.

"თავისუფალი დემოკრატები" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დღეს კომიტეტების გარდა, ფრაქციის ფორმატშიც მიუსმენენ.

"ფრაქციასთან შეხვედრისას დაისმება ყველა აქტუალური შეკითხვა. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება კითხვები ეკონომიკის კატასტროფულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუ რაში ხედავს მთავრობა გამოსავალს. კითხვები იქნება სამართლებრივ საკითხებზე, თუნდაც ის, თუ რა კეთდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით – დღემდე რა გაკეთდა და მომავალში როგორ ხედავენ რაიმეს გაკეთებას. სამწუხაროდ, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელმაც აშკარად გამოავლინა რომ არა აქვს უნარი უპასუხოს პრობლემებს და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მასზე. ასევე ვერ დავუჭერთ მხარს იმ მთავრობას, რომელიც ეგუება და თანხმდება არაფორმალურ მართვას. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იხსნის პასუხისმგებლობას. უპასუხისმგებლო მთავრობა კი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ქვეყნის ეფექტურად და წარმატებულად მართვას", - აცხადებს შალვა შავგულიძე.