"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთთან შეთანხმებაში ისეთი არაფერია, რასაც შეეძლო რუსეთის შეშფოთება გამოეწვია. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ გამოცემა Мир и политика-სთან ინტერვიუში განაცხადა. ალასანიამ ვრცლად ისაუბრა თავდაცვითი საჰაერო სისტემების შესახებ ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებზე.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს უკვე კარგად გაწვრთნილი და პროფესიონალური ქართული ჯარი რაც შეიძლება უფრო ეფექტური შეირაღებით.
"ხაზს ვუსვამ, საუბარია თავდაცვით შეიარაღებაზე. "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს. ჩვენ გავაანალიზეთ ქართული არმიის მონაწილეობა ყველა კონფლიქტში, დაწყებული 90-იანი წლებიდან. დასკვნები, პირველ რიგში საუბრობდნენ საჰაერო თავდაცვითი სისტემების პოტენციალის გაზრდის აუცილებლობაზე. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები. საფრანგეთი აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ შესაძლებლობების ბაზარი გაგვიხსნეს", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, კონსულტაციები ფრანგულ მხარესთან დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, მემორანდუმს ხელი 2014 წლის 28 ოქტომბერს მოეწერა, თუმცა იმ მომენტში ბიძინა ივანიშვილთან პოზიციების შეთანხმება ვერ მოხდა და შეთანხმება პრაქტიკულად ჩაიშალა.
"იმ დროისთვის იყო რამოდენიმე მიზეზი. მათ შორის ვერ გაგება იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მისი სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის. ეფექტური საჰაერო თავდაცვითი სისტემები მეტი შესაძლებლობაა ნატო-სკენ გზაზე. ჩვენი არმია უკვე თანხვედრაშია ნატო-ს სტანდარტებთან, ხოლო თუ ასეთი საჰაერო თავდაცვითი სისტემები გვექნება, ინტეგრაცია შესაძლოა მოხდეს უფრო სწრაფად. ჩვენ გავხდებით უფრო კონკურეტუნარიანი ამ მიმართულებით რეგიონში. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რაღაც სიგნალი მოსკოვიდან, რომელიც შეაფასეს როგორც საფრთხე ჩვენი სამხედრო პოტენციალის გაზრდის შემთხვევაში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ფრანგებთან ამ შეთანხმებაში ისეთი არაფერია, რასაც შეეძლო რუსეთის შეშფოთება გამოეწვია", - აღნიშნა ალასანიამ.
ალასანიამ პანკისის ხეობიდან სირიაში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, "ისლამური სახელმწიფო" მთელი დემოკრატიული სამყაროს პრობლემაა.
"რაც შეეხება უშუალოდ პანკისს, საქართველომ უნდა გააქტიუროს დაზვერვითი და კონტრტერორისტული ქმედებები რეგიონალურ პარტნიორებთან კოორდინაციაში, მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს ხეობიდან სირიაში გამგზავრება, ასევე უნდა დაამარცხოს ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური დეპრესია. ეს სამწუხაროდ გახდა საუკეთესო ნიადაგი პანკისში ისლამისტი ფუნდამენტალისტებისთვის", - აღნიშნა ალასანიამ.