თუ ლარს დროზე არ მიხედა ქადაგიძემ, მას ეკონომიკა მიხედავს, - ამის შესახებ საზოგადოება "2030"-ის წევრმა, მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად ჩუმი შიდა ინფლაცია მიმდინარეობს და ეროვნული ბანკი ამას ახლა მიხვდა ან ხვდებოდა და არაფერს აკეთებდა.
კითხვაზე, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო არა გიორგი ქადაგიძე, არამედ სხვა პირი, დაიჭერდა თუ არა ის ამ პირობებში ლარის კურსს, დუნდუამ განაცხადა, რომ "არსებითად გაუმჯობესებას შეძლებდა".
"მე შემიძლია თავისუფლად გამოვთქვა ეჭვი, რომ ეს შეგნებული მოქმედება იყო. ჩვენ ვიცით, რომ ბატონი ქადაგიძე არის ადეიშვილის კადრი. ადეიშვილის კადრები არიან საბჭოშიც. ეს ხომ ცნობილი ფაქტია, შესაბამისად, რატომ უნდა იყოს ნდობა მის მიმართ, რატომ უნდა ვენდოთ მას. ხომ გვახსოვს 2012 წელს, რა მოქმედებები ჩაატარა "ქართუს" წინააღმდეგ. ხომ გვახსოვს როგორ მოექცნენ "სტანდარტ ბანკს", რა ეჭვები არსებობს "სახალხო ბანკის" წინააღმდეგ, ეს ყველაფერი ხომ ჩვენ გვახსოვს. როგორ შეიძლება გაკეთილშობილდეს ადამიანი, რის გამო?" - განაცხადა დუნდუამ.
მისივე თქმით, საუბარია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რასაც დუნდუა დადებით ნაბიჯად აფასებს.
"მმართველი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ეროვნული ბანკის მენეჯმენტი სრული უნდობლობით სარგებლობს. პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სპეკულაციური შეტევა ლარზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ არის, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროცესს. ვერ ვუყურებთ ონლაინ რეჟიმში, უფლებაც არ გვაქვს რომ დავაკვირდეთ. უბრალოდ უნდა ვენდოთ ამ პროცესს. არც ფინანსთა სამინისტროს, არც მთავრობას, არც მე და არც თქვენ არ გვაქვს უფლება ჩავიხედოთ ყოველდღიურად მიმდინარე პროცესში, ვინ რა სესხი აიღო, სად დახარჯა და ა.შ. ამ პროცესის კონტროლის მექანიზმი კანონმდებლობით არ არსებობს და სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტი იყოს ბუში, "ალ ქაიდას" მიერ რომ იყოს დანიშნული ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი და საკონსტიტუციო სასამართლო კი "თალიბების" მიერ დაკომპლექტებული - ამ დროს შეიძლება ნდობა ჩამოყალიბდეს? ეს ხომ მარტივი რამაა", - განაცხადა დუნდუამ.
საზოგადოება "2030"-ის წევრის განცხადებით, თუ ლარს დროზე არ მიხედა ქადაგიძემ, ლარს ეკონომიკა მიხედავს.
"ორი თვის მაჩვენებლები უკვე დამაიმედებელია. ეს დროებითი მოვლენაა. თუ ახლა ლარზე სპეკულაციური შეტევა მიმდინარეობდა, ეს დროებით პროცესზეა გათვლილი. შეუძლებელია ამან დიდხანს გასტანოს. ის, ვინც ახლა სპეკულაციურ შეტევას ახორციელებს, აუცილებლად წააგებს. ვინც ახლა დოლარს ყიდულობს, აუცილებლად წააგებს", - განაცხადა დუნდუამ.
მისივე თქმით, მისი მხრიდან პროგნოზის გაკეთება, რა ნიშნული შეიძლება იყოს ზაფხულში, არაპროფესიონალიზმი იქნებოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ ზაფხულში ეროვნული ვალუტის კურსი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არის.