"ყველაფერს არ ვეჩვევი, პოლიტიკოსი სქელკანიანი არ უნდა გახდეს"

ჩემი კრიტიკა როდესაც დაიწყეს, მაშინვე ვთქვი უარი ამ ტიპის დიალოგზე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „პოლიტარტში“ სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ ის წინააღმდეგია ისეთი პოლიტიკური ურთიერთობის, რომლის ქვეტექსტშიც იგრძნობა შეურაცხყოფა, ჭორაობა, შანტაჟი და პრეზიდეტი ამბობს, რომ ასეთ დიალოგში შესვლას არავისთან აპირებს და ამგვარ ურთიერთობაზე თავიდანვე თქვა უარი. „ჩემი კრიტიკა როდესაც დაიწყეს, მაშინვე ვთქვი უარი ამ ტიპის დიალოგზე, რომლის ქვეტექსტი არის ცოტა შეურაცხყოფის მიყენება, ცოტა ჭორაობა, შანტაჟი, თუ დამუქრების ელემენტები. ვინც არ უნდა მაკრიტიკებდეს, ყველამ იცის მე რა ტიპი ვარ, რომ რაც არ უნდა გამაღიზიანონ, როგორი ნორმას გადაცდენილი სიტყვებიც არ უნდა თქვან ჩემზე, არასდროს დავიწყებ ჭორაობას და შიდა თემების გარეთ გამოტანას“, - აცხადებს პრეზიდენტი, და ამას თავის დადებით თვისებად მიიჩნევს და საკუთარ თავში არაფრის შეცვლას აპირებს. „პირველ რიგში, ეს ჩემ დადებით თვისებად მიმაჩნია და არც პოლიტიკური სივრცე იცვლება ასეთი დეტალებით. ყველაფერს არ ვეჩვევი, პოლიტიკოსი სქელკანიანი არ უნდა გახდეს,“- მიაჩნია პრეზიდენტს.