ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მორიგი შეხვედრის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორ ქვეყანას შორის 4 მაისს შედგა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან - ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კურტ ტონგი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში, ჯონათან კატცი და კომერციის მდივნის თანაშემწის აღმასრულებელი მოადგილე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში მაიკლ ლალი.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ისა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი კავშირები, აშშ-ის წარმომადგენლებმა კი საქართველოს მიულოცეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მხრივ მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს, რომ ამით საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით მუშაობას.
სამუშაო ჯგუფმა განიხილა სოფლის მეურნეობის, ინტელექტუალური საკუთრების, საჯარო და კერძო სექტორის, ენერგოუსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინოვაციისა და მეწარმეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აშშ-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაშინგტონის მხარდაჭერას, რომ რეგიონში ბიზნესის, სავაჭრო და ლოჯისტიკურ სფეროში საქართველოს ეკონომიკური როლი გაიზარდოს.
ასევე, აშშ-ის მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა "აბრეშუმის გზის" რეაქტივაციის საკითხებში, რომელიც სამხრეთ კავკასის საშუალებით ევროპისა და აზიის ბაზრებს ერთმანეთთან აკავშირებს და ოქტომბერში საქართველოში "აბრეშუმის გზის" ფორუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
ამასთან, აშშ-ი და საქართველო შეთანხმდნენ ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე. მხარეებმა ასევე აღნიშნეს ის პროგრესი, რომელიც მიღწეული სავაჭრო საკითხებზე საექსპერტო დონეზე მოლაპარაკებებში და შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ სხვადასხვა საშუალებებით ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციის გაძლიერებას, მომავალში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების ჩათვლით. ამ მიმართულებით, მხარეები მიესალმნენ ვაშინგტონში 29 ივნისს დაგეგმილ მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგს. მხარეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს 2015 წლის მარტში საქართველოში განხორციელებული აშშ სავაჭრო მისიის წარმატებული ვიზიტი, მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის პარალელურად ქართული სავაჭრო მისიის ჩატარების მნიშვნელობა. სტრატეგიული პარტნიორობის კომისია არის აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების უპირველესი მექანიზმი.