არასდროს გამიმარტივებია დიალოგი საზოგადოებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "არტარეას" ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა "პოლიტარტში" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი ტიპის პრეზიდენტი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება არ გააჩნია, რეალურად ყოველდღიურ პრობლემატიკას ვერ გადაწყვეტს და ამავე დროს რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფის იდეების გამხმოვანებელი არ არის, თავიდან რთული აღსაქმელი იყო, ამას დასჭირდა დრო.
"მაგრამ არასდროს არ გამიმარტივებია დიალოგი საზოგადოებასთან, ყოველთვის, რაც არის რთული, ვამბობ გულწრფელად, ვამბობ რთულად და ყოველთვის ესმით, და ახლა ბევრად უფრო მეტად ესმით",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას - რისი აღქმა გაუჭირდა აუდიტორიას ყველაზე მეტად: "თავიდან რთული იყო ამ დიალოგის დაყენება. რასაც მე ვსაუბრობდი, რომ იცით, ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის კონკრეტული პარტიის. რა თქმა უნდა, მე კოალიციის მხარდაჭერილი კანდიდატი ვიყავი, მაგრამ თავიდანვე ითქვა, რომ პრეზიდენტი არ არის პარტიული ფიგურა და მისი პოლიტიკური დღის წესრიგი არის კონსტიტუციისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა და არა რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის დღის წერიგის დაფუძნება. ეს იყო თავიდან რთული, რადგან ყველა მიჩვეული იყო, რომ პრეზიდენტი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის არა უბრალოდ წევრი, არამედ ლიდერი იყო ხოლმე. ამ ვითარებაში თავიდან რთული იყო ამის გატანა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.