ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციას, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა იყო.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო სადილზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების უდიდეს მნიშვნელობას.