მიხეილ მაჭავარიანი:   მთავარი პრობლემა იმ არაფორმალურ მართვაშია, რომელიც ქვეყანაში არსებობს

მიხეილ მაჭავარიანი: მთავარი პრობლემა იმ არაფორმალურ მართვაშია, რომელიც ქვეყანაში არსებობს

ირაკლი ღარიბაშვილი არის უნიათო მთავრობის ლიდერი და თავადაც უნიათობის განსახიერებაა, - აღნიშნულ შეფასებას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აკეთებს, რომელიც იმ მიზეზებს განმარტავს, რატომაც "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

"მთავარი პრობლემა იმ არაფორმალურ მართვაშია, რომელიც ქვეყანაში არსებობს. რეალურად მთავრობას ბიძინა ივანიშვილი მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი არის უანიათო მთავრობის ლიდერი და თვითონაც უნიათობის განსახიერებაა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ორწელიწადნახევარში ქვეყანა უკან დასწიოს. ნაცვლად იმისა, პრობლემებს შიგნით ეძებდნენ, ეძებენ გარეთ – ეხება ეს ლარის გაუფასურებას, ეკონომიკის შენელებას თუ სხვას. როცა ამაზე ელაპარაკები, მათი არგუმენტებია, რომ სადღაც რაღაც გარეთ ხდება. არადა, შენ იმიტომ ხარ მთავრობა, რომ როდესაც არის გამოწვევები, მას ადეკვატურად უპასუხო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მიხეილ მაჭავარიანმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად უკვე წარუდგინა. საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 8 მაისს გავა. ხვალ კი, განახლებული მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს კომიტეტებსა და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში მოუსმენენ.