ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ მთავრობას, რომელსაც არა აქვს უნარი, უპასუხოს პრობლემებს და რომელიც ეგუება და თანხმდება არაფორმალურ მართვას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.
"თავისუფალი დემოკრატები" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხვალ კომიტეტების გარდა, ფრაქციის ფორმატშიც მოუსმენენ.
"ფრაქციასთან შეხვედრისას დაისმება ყველა აქტუალური შეკითხვა. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება კითხვები ეკონომიკის კატასტროფულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუ რაში ხედავს მთავრობა გამოსავალს. კითხვები იქნება სამართლებრივ საკითხებზე, თუნდაც ის, თუ რა კეთდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით – დღემდე რა გაკეთდა და მომავალში როგორ ხედავენ რაიმეს გაკეთებას. სამწუხაროდ, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელმაც აშკარად გამოავლინა, რომ არა აქვს უნარი უპასუხოს პრობლემებს და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მასზე. ასევე ვერ დავუჭერთ მხარს იმ მთავრობას, რომელიც ეგუება და თანხმდება არაფორმალურ მართვას. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იხსნის პასუხისმგებლობას. უპასუხისმგებლო მთავრობა კი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ქვეყნის ეფექტურად და წარმატებულად მართვას", - აცხადებს შალვა შავგულიძე
პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად უკვე წარუდგინა. საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 8 მაისს გავა. ხვალ კი, განახლებული მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს კომიტეტებსა და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში მოუსმენენ.