საქართველო იყო ევროპა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროპამ თავად არ იცოდა, რომ იყო ევროპა

საქართველო იყო ევროპა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროპამ თავად არ იცოდა, რომ იყო ევროპა

საქართველო იყო ევროპა ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ევროპამ თავად არ იცოდა, რომ იყო ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპის კვირეულის ფარგლებში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

"ის ცივილიზაცია, რომლის ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი ევროპა და დღევანდელი ევროკავშირი, იწყებოდა მაშინ როდესაც საქართველო იყო შემადგენელი ნაწილი იმ ცივილიზაციის. ეს კითხვა ვართ თუ არა ევროპა, ჩვენს წინაშე დგას. საკითხი დგას ასე – რამდენად სწრაფად შეგვიძლია დავძლიოთ ის ჩამორჩენა, რომელიც გამოწვეულია 200-წლიანი სახელმწიფოებრიობის არ ქონით, რუსეთის ბატონობაში ყოფნით და სხვა პრობლემებით. ევროპა გვინდა არა იმიტომ, რომ პოლიტიკოსები და ელიტები ცხოვრობდნენ კარგად, არამედ იმიტომ, რომ სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოქალაქეები ცხოვრობდნენ კარგად, ჰქონდეთ უსაფრთხოების განცდა და განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ღონისძიებას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს დავით უსუფაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტლმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ოთხი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია, რომელთა მიზანია ევროკავშირთა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება. ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდული ფოტო კონკურის – "ჩემი ევროპა" გამარჯვებულთა დაჯილდოებაც.