რიგის სამიტზე საქართველოს მხრიდან აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება დადასტურდება

რიგის სამიტზე საქართველოს მხრიდან აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება დადასტურდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ რიგის სამიტზე დადასტურდება საქართველოს მხრიდან აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ "როიტერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, საქართველო დგას იმ გზაზე, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.

"ყველა შედეგი ვერ იქნება ერთ თვეში, მაგრამ წარმატება იქნება ყოველ კვირა, ყოველ თვეს, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, პარლამენტმა, ყველა საკითხი, რომელიც ჩვენი გადასაწყვეტი იყო, გადავწყვიტეთ ზუსტად და ადეკვატურად, უფრო კონკრეტულ შედეგებს დაველოდოთ რიგის სამიტზე, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი არ იწყება რიგის სამიტით და არც მთავრდება.

"იყო მანამდე სხვა სამიტები და მომავალშიც იქნება სამიტები. ეს არის პროცესი და მთავარია მივდიოდეთ წინ და გვქონდეს იმის განცდა, რომ სწორი ნაბიჯებით და სწორი მიმართულებით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ რიგის სამიტზე ეს იქნება დადასტურებული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რიგის სამიტის შესაძლო შედეგებზე სტატიას ამჯერად "როიტერი" აქვეყნებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ვერც საქართველო და ვერც უკრაინა რიგის სამიტზე ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ვერ მიიღებენ.

"როიტერის" ცნობით, როგორც რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტიდან გახდა ცნობილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მცირედს შესთავაზებს საქართველოს, ბელორუსს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას, რამდენადაც კრემლის მომავალი გამოწვევის შიშით, ევროკავშირმა საკუთარი ამბიციები შეასუსტა.