დავით უსუფაშვილი:    თავად ლარი მიგვანიშნებს და მეტყველებს, რომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ

დავით უსუფაშვილი: თავად ლარი მიგვანიშნებს და მეტყველებს, რომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ

თავად ლარი მიგვანიშნებს და მეტყველებს, რომ მასთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბრები იყო და არის.

"თავად ლარი მიგვანიშნებს და მეტყველებს, რომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ეს არის რეგიონული პროცესი. ვიცით, რომ მეზობელ სახელმწიფოებში ყველგან განვითარდა ეს პროცესი. ვიცით, რომ საბაზრო ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოსთან ამასაც გულისხმობს, რომ ძალიან ხშირად ეს გავლენები შეიძლება იყოს არცთუ სასურველი. ამის თაობაზე ბევრი სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, პარლამენტი აქტიურობდა და კვლავაც იაქტიურებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება მათ შორის ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვისას პარლამენტში

"რაც შეეხება კონკრეტულად ეროვნული ბანკის საკითხს, ეს არის ავტონომიური, დამოუკიდებელი დაწესებულება, მაგრამ სრული ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა სახელმწიფოში არ არსებობს. ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს ფორმირებას ახდენს პარლამენტი. ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ერთი კვირის წინ წარმოადგინა თავისი ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში. პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ეროვნული ბანკის ანგარიში. ანგარიში მოიცავს ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები განვითარდა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პარლამენტის კედლებში გვექნება ამ საკითხში უკეთ გარკვევის მცდელობა. დანარჩენი ვნახოთ რა გამოიკვეთება ამ პროცესში", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.