გირჩევდით, ყურადღება მიაქციოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას

გირჩევდით, ყურადღება მიაქციოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას

არ ვიცი რამდენად მართალი და ადეკვატურია "როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა გირჩევდით, ყურადღება მიაქციოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრან-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ამით დეპუტატი "როიტერის" სტატიას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ვერც საქართველო და ვერც უკრაინა რიგის სამიტზე ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ვერ მიიღებენ.

მისი თქმით, შტაინმაიერმა ბერლინში გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რომ საქართველო არ უნდა იყოს პესიმისტურად განწყობილი რიგის სამიტის წინ და ამ სამიტზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გადაწყვტილებები მიიღება.

"მეც გავიგე "როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. არ ვიცი რამდენად მართალია და ადეკვატური ეს ინფორმაცია. გავლენიანი სააგენტოა და მას თავისი წყაროები აქვს. თუმცა, არანაკლებად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და გირჩევდით ამ განცხადებას მიაქციოთ ყურადღება", -განაცხადა ჯაფარიძემ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიაში, ქართველ კოლეგა, თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამისთვის წინასამუშაოები უმაღლეს დონეზე შესრულდა.

"მინდა მკაფიოდ ვაღიარო, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა წინასწარი სამუშაოები, ეს ძალზედ სერიოზული იყო. ბევრი რამ გაკეთდა და არ გვაქვს მიზეზი, რომ ევროკომისიის მოხსენებას სკეპტიკურად დაველოდოთ", - აღნიშნა შტაინმაიერმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკომისია საკუთარ დასკვნას წევრ სახელმწიფოებსაც მიაწვდის, რის საფუძველზეც წევრი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას.

"არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდება პროცესი, იქნება ეს დამატებითი სამუშაოები, დამატებითი გეგმა გაწერილი თუ ა.შ. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას", - განაცხადა ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერმა.