საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კონსტიტუციაში ის ჩანაწერი უნდა გაუქმდეს, რომლითაც მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში ქვეყნის პირველი პირი წარადგენს.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დუშეთში განუცხადა, პრეზიდენტის აღნიშნული უფლება პროცესში პოზიტიურ როლს ასრულებს.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა მივყვეთ არსებულ კონსტიტუციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ კონსტიტუციის ყველა პუნქტი მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ რაც არის წესი და კანონი, მას ზედმიწევნით მივყვეთ. თუნდაც ამ ერთი კვირის კონკრეტულ გამოცდილებას თუ შევხედავთ, იმან, რომ მე გამოვიყენე ჩემი უფლება, პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა - შეიქმნა შესაძლებლობა, რომ უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც აქამდე თითქოს ცოტა გაუცხოებულები იყვნენ და პოლიტსაბჭოს საიდანაც ძირითადად არ გვესმოდა განცხადებები, ახლა ჩამოყალიბდნენ და ერთ კონსენსუსამდე მივიდნენ. ასე, რომ კონკრეტულად ამ უფლების ამოღებაზე თუ ვისაუბრებთ, პირიქით ვფიქრობ, ეს პოზიტიური იყო და მან დადებითი როლი შეასრულა, ქვეყანში მშვიდ პოლიტიკურ გარემოში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, პრინციპულია სწორად მიიღებოდეს გადაწყვეტილება.
"როცა მე მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა გადავდე, არ მითქვამს, რომ რომელიმე კანდიდატის წინააღმდეგი ვარ, ან რომელიმე არ მომწონს, მაგრამ პრინციპული იყო, რომ ამ კანდიდატების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი, დემოკრატიული გუნდის შიგნით მიმიდნარე დისკუსიების შედეგად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.