"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე "კაბელების საქმეზე" ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვა მოესწრება.
"იმედი მინდა გამოვთქვა, რომ დახურული სხდომა გათვალისწინებული საკითხებით არ დასრულდება და განიხილება შუამდგომლობა აღკვეთის შეცვლის თაობაზე. დიდი იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს დაცვის მხარის ძლიერ და მყარ არგუმენტებს და ამ გიორგობის დღეს შესაძლებელს გახდის ამ ადამიანების სახლში გაშვებას. ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ალასანიასა და "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ. ეს ადამიანები წარმოადგენენ პოლიტიკური რეჟიმის მძევლებს და ეს მალე უნდა დასრულდეს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.