პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის საორგანიზაციო სამუშაოები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის საორგანიზაციო სამუშაოები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და მინისტრებთან ერთად პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის უზრუნველყოფის სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და კომისიის წევრებმა გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოაწოდეს.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის თბილისში, პარლამენტის შენობის ეზოში 4 დროებითი ნაგებობა აშენდა, სადაც განთავსდება მედიაცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები.

ყოველწლიური შეხვედრისთვის საჭირო ყველა სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი საკომუნიკაციო სისტემებით და საოფისე ინვენტარით. ასევე, განახლდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადი, ფოიე, საკრეებიანი დარბაზი. კეთილმოეწყო სასახლის ეზო, გაკეთდა სველი წერტილები, ბავშვებისთვის საცეკვაო დარბაზი. შენობა უზრუნველყოფილია ინტერნეტით და ახალი ელექტროსისტემებით.