"არ მგონია, რომ ქართველები ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ"

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, საქართველო ევროკომისიის დასკვნას სკეპტიკურად განწყობილი არ უნდა დაელოდოს.

ამის შესახებ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მინდა ვაღიარო, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა წინასწარი სამუშაოები. ბევრი რამ გაკეთდა და არ გვაქვს მიზეზი, რომ ევროკომისიის მოხსენებას სკეპტიკურად დაველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს შედეგებს და ისინი  მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას როგორ გაგრძელდება პროცესი, იქნება დამატებითი სამუშაოები, დამატებითი გეგმა გაწერილი თუ ა.შ. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას",-განაცხადა შტაინმაიერმა

რიგის სამიტზე საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ელოდება.

ცნობისთვის, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა.  მეორე ფაზა  ევროპულ კანონმდებლობასთან უკვე დაახლოებული ქართული კანონების აღსრულებას და მის მონიტორინგს გულისხმობს. ევროკავშირი აკვირდება, შესრულდება თუ არა ის კანონები, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში იყო მიღებული და საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიცემის საკითხსაც ამის შემდეგ გადაწყვეტს. 

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება შენგენის ქვეყნებში  უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით შევიდეს და იქ მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში დარჩეს. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ აძლევს.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.