ირაკლი ალასანია:  როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება

ირაკლი ალასანია: როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება

ქვეყანას სჭირდება ძლიერი პატრონი, ძლიერი მმართველი, რომელსაც აქვს ასევე ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გამოთქმული მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის როლი მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხში კიდევ უნდა შემცირდეს.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, "თავისუფალი დემოკრატების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება.

"ყველამ ვნახეთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩვენთან ერთად პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს და არ მოსწონს ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს პოლიტიკური ელიტის, მმართველი ელიტის წარმომადგენლებს პრეზიდენტისადმი და ამ ინსტიტუტისადმი. ჩვენ, "თავისუფალ დემოკრატებს" ძალიან ნათლად გამოკვეთილი პოზიცია გვაქვს, რომ ასეთი დაჩეხილი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც სააკაშვილისგან მემკვიდრეობით გვერგო, ეს ინსტიტუტი არის უკიდურესად შეზღუდული. მივიჩნევ, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი პატრონი, ძლიერი მმართველი, რომელსაც აქვს ასევე ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობა და როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ამ მიმართულებით წავიყვანთ ქვეყანას. გაძლიერდება პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს ჩვენი ამოცანაა და ეს მოხდება საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.