თამბაქოზე აქციზის გაძვირებამ თავისი შედეგები უკვე მოიტანა. 2015 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე დაყრდნობით სიგარეტის მწარმოებლები და იმპორტიორები გაზრდილი ფასის გამო მომხმარებელთა შემცირებაზე ალაპარაკდნენ.
2015 წლიდან ფილტრიანი სიგარეტებისაქციზი 20 ღერზე 0,6 ლარიდან 0,9 ლარამდე,უფილტროზე კი 0,15 ლარიდან 0,25 ლარამდე გაიზარდა.
თამბაქოს იმპორტიორი კომპანია „ჯიჯი 2011“-ის ხელმძღვანელი ილია ჟღენტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გაყიდვები 10%-დან 15%-მდე შემცირდა, თუმცა, ამ დღეებში კომპანია გაყიდვების კიდევ უფრო შემცირებას ელოდება. მიზეზი კი ისაა, რომ „ჯიჯი2011“-მა სიგარეტზე ფასის ეტაპობრივად მომატების გადაწყვეტილება მიიღო, ანუ პირველ ეტაპზე 10 თეთრით გააძვირა, მეორე გაძვირება კი მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი, შესაბამისად კომპანია დამატებით 5%-დე კლიენტის დანაკარგს ელოდება.
ილია ჟღენტის თქმით, მთლიანობაში კომპანიას 20%-მდე მომხმარებელი დააკლდება, თუმცა, ეს მანამდე, სანამ სიგარეტზე ახალი - ადვალორული გადასახადი შემოვა, რაც პროდუქციას კიდევ უფრო აძვირებს.
თამბაქოს კიდევ ერთ იმპორტიორ კომპანია „ჯეი თი აი“-ში კი განსხვავებულ ტენდენციაზე მიუთითებენ. კომპანიის წარმომადგენელი ივა ხასია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათ შემთხვევაში მომხმარებელთა ბაზრის მოცულობა არ შეცვლილა, უბრალოდ კლიენტებმა უფრო დაბალფასიანი სიგარეტის მოხმარება დაიწყეს.
„უბრალოდ სეგმენტებს შორის, ჩვენივე ბრენდებში მოხდა გადათამაშება უფრო დაბალფასიან სეგმენტზე, უხეში მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითდ 4-ლარიანი სიგარეტიდან ხალხი გადავიდა 3,5-იანზე“,- აცხადებს ხასია, თუმცა, ამ ეტაპზე უჭირს დასახელება, მომხარებელთა რა პროცენტმა შეცვალა არჩევანი.
მისივე თქმით, ახალი ადვალორული გადასახადის შემოტანა, რომელიც კოლოფ სიგარეტზე 5%-იან გადასახადს გულისხმობს, ქვეყანაში კონტრაბანდის შემოტანისა და სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადების დაკარგვის საფრთხეს უქმნის.
საქმე ისაა, რომ მეზობელ სომხეთში სიგარეტი საქართველოსთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს, ადვალორის შემოსვლის შმედეგ კი განსხვავება უფრო თვალშისაცემი იქნება, შედეგად, ხასია სიგარეტის არალეგალურად შემოტანის რისკებს ხედავს.
„შეიძლება მოხდეს არალეგალურად სიგარეტის შემოდინება, რა შემთხვევაშიც ჩვენც ვზარალობთ და სახელმწიფოც, რადგანაც ერთი მხრივ, ჩვენი პროდუქტი არ გაიყიდება, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს გადასახადი აღარ შეუვა, რომელიც აქციზის გაძვირებით უნდა შესულიყო ბიუჯეტში“,- აცხადებს ივა ხასია.
მისივე თქმით, ადვალორულ გადასახადთან დაკავშირებით, ჰქონდათ შეხვედრები შემოსავლების სამსახურთან და ითხოვდნენ ახალი გადასახადის 6 თვით გადავადებას, იმისთვის, რომ 1 წელიწადში აქციზის ორჯერ გაძვირება არ მომხდარიყო.
შეგახსენებთ, რომ ადვალორული გადასახადი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან უნდა შევიდესძალაში.