დედობის ინდექსში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა

დედობის ინდექსში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა

საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის ანგარიშის  თანახმად, 2014 წელთან შედარებით საქართველომ პოზიცია 12 პუნქტით გაიუმჯობესა და 86-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოში დედობისთვის საუკეთესო ქვეყანა ნორვეგიაა. რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს რუსეთი უსწრებს, რომელიც 56-ე ადგილზეა. ინდექსში ასევე წინ არიან თურქეთი 65-ე და უკრაინა 69-ე ადგილით. აზერბაიჯანი,ანგარიშის მიხედვით,90-ე, სომხეთი კი - 103-ე ადგილზეა.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ასევე ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ქალებს ადგილების 11. 3 პროცენტი უკავიათ. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 48,9 პროცენტი კუბას აქვს, შვედეთი კი 43,6 პროცენტით მეორე ადგილზეა.

კვლევა რამდენიმე ინდიკატორზე დაყრდნობით ჩატარდა, კერძოდ დედათა ჯანმრთელობა, განათლება, შემოსავლის დონე და ქალის სტატუსი. საუკეთესო ათეულში ევროპის ქვეყნები შევიდნენ. მათ შორის, ნორვეგიის გარდა, ფინეთი, ისლანდია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ესპანეთი და ბელგია. ათეულში დასახელდა ავსტრალიაც.

რაც შეეხება ბოლო ადგილებს მას სუბ-საჰარული აფრიკული რეგიონის ქვეყნები - ჩადი, კოტ-დივუარი, გამბია, ნიგერი, მალი, კონგო, სომალი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა იკავებენ.

აღნიშნული კვლევა 179 ქვეყანაში ჩატარდა.