პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სანამ პრეზიდენტი მინისტრთა განახლებულ კაბინეტზე პოზიციას დააფიქსირებდა, მასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ პრეზიდენტი ასეთ რამეს აპირებდა, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მან უბრალოდ იცოდა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით ამის უფლება ჰქონდა.
„როდესაც პრეზიდენტს ვესაუბრე, იმაზეც ვესაუბრე, რომ პარლამენტი მზად იყო, თუ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნებოდა პრემიერის მიერ და პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გამოაგზავნიდა ამ პაკეტს, პარლამენტი მზად იყო პარასკევს, შაბათს, თუ საჭირო იყო კვირასაც ემუშავა და გადაწყვეტილებები მიგვეღო ამ თემაზე. მე მას მზაობა ვაცნობე, თუმცა მან დროის მაქსიმალურად გამოყენება გადაწყვიტა. მე ვეთანხმები თუ არა ამ გადაწყვეტილებას, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ვთვლიდე, რომ მეტი იყო არგუმენტი, რომ პროცესი სწრაფად წასულიყო. ამ შემთხვევაში პარლამენტში საკითხის წარდგენის უკიდურესი ვადა არის პარასკევი“, - განაცხადა უსუფაშვილმა „იმედის“ ეთერში.