პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერმა კოალიციასთან კონსულტაციები გაიარა.
„ეს პროცესი მოკლე ვადაში განვითარდა, იმიტომ, რომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის გეგმაში არ ყოფილა. ვიცი, რომ დიდი სპეკულაციებია იმის თაობაზე, მართლა იყო თუ არა ის მიზეზები, რომლის გამოც მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სამი ბოლო მინისტრი, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ზუსტად იმ მიზეზის გამო გადადგა, რა მიზეზებზეც მათ ისაუბრეს. ცვლილებები სწრაფად მოხდა. პარლამენტის ყველა წევრი ქუთაისში ვიმყოფებოდით, პრემიერი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა, თბილისში იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის იყო კონსულტაციები ყველა ამ თემაზე. კონსულტაციები იყო პარლამენტში მყოფი ყველა ძალის წარმოამდგენელთან და ასე ჩამოყალიბდა ეს გადაწყვეტილება. კოალიციის სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც პარასკევს დილით გააჟღერა პრემიერმა. ეს არის ყველაზე ზუსტი და ამომწურავი პასუხი, როგორ მიმდინარეობდა პროცესი. პრემიერს ჰქონდა საუბარი ჩემთანაც, სხვებთანაც და ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ამ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. წამყვანის შენიშვანზე, რომ პრემიერის გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი იყო, რადგან პრემიერმა მხოლოდ ორი მინისტრის შეცვლა დააანონსა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრემიერი მესამე მინისტრის შეცვლაზე მინიმუმ 24 საათით ადრე ჩამოყალიბდა. „რაც შეეხება ორი მინისტრის შეცვლას, ეს იყო აუცილებლობა. მესამე, მეოთხე, მეხუთე - ეს იყო შესაძლებლობა. პრემიერ-მინსიტრს შეეძლო კიდევ ორი, ან მეტი შეეცვალა. მე ვადასტურებ, რომ ეს გადაწყვეტილებები კოლეგიალურად და კოლექტიურად მივიღეთ“, - განაცხადა უსუაფშვილმა.