მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ სთხოვს, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე წარუდგინოს - ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა. მაია ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებულ გარემოებებს გაითვალისწინებს.
"ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აგრძელებს მუშაობას, რა თქმა უნდა, იქმნება გარკვეული ტექნიკური სირთულეები. მაგალითად, ახლა 4 მინისტრი – იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შს მინისტრები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმყოფებიან ვიზიტებით, მაგრამ მათ მოუწიათ გრაფიკის შეცვლა. ვიზიტების ნაწილი სხვა მინისტრების მიერ იქნა გადადებული შემდეგი კვირისთვის. 9 მაისს მოგეხსენებათ, დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე 9 მაისს ჩამოდის EBRD-ის პრეზიდენტი, 10 მაისს კი ამ ფორუმთან დაკავშირებული ღონისძიებების აქტიურ ფაზაში შესვლაა დაგეგმილი. ასევე ჩანიშნულია სხვა ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იქნება გათვალისწინებული ეს გარემოებები და შესაძლებელი გახდება პრეზიდენტის მხრიდან ამ ვადის გასვლამდე მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტისთვის გადაგზავნა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.