"პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება"

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება. მისივე განმარტებით, აღნიშნულის შესაბამისად მთავრობა პრეზიდენტისგან ერთკვირიან ვადაში პარლამენტისთვის მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობის წარდგენას ელოდება, რომელიც მისთვის გადაგზავნილია.

"გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება. ჩვენ არ ვგეგმავთ არავითარ ცვლილებებს. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა 1-ელ მაისსაც. როდესაც ჩვენ შემადგენლობა წარვუდგინეთ პრეზიდენტს, მას შემდეგაც იყო ამ თემაზე კომენტარები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კითხვები მაინც ჩნდება, საჭიროდ ჩავთვალეთ კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა განმარტება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტისგან განახლებული შემადგენლობის გადაგზავნას პარლამენტში", - განაცხადა ცქიტიშვილმა.