გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებულ საქმეზე პროკურორმა დავით ნეფარიძემ თბილისის პროკურატურაში კომენტარი გააკეთა.
ნეფარიძე აცხადებს, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა ზვიად ჯანყარაშვილი, ამჟამად კი გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის ელისო კილაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
„2015 წლის 24 აპრილს ზვიად ჯანყარაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა, სადაც მიუთითა, რომ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის - ელისო კილაძის და სხვა პირთა მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ იქნა ცნობები, რომლებიც ცალკეული თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ნიშნებს შეიცავდა.
ვინაიდან განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, 2015 წლის 27 აპრილს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა ზვიად ჯანყარაშვილი, ამჟამად მიმდინარეობს გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის - ელისო კილაძის დაკითხვა. დაგეგმილია ასევე იმ პირთა დაკითხვა, რომელთაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა აქვთ და სხვა საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების ჩატარება“, - აცხადებს დავით ნეფარიძე.