პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ვახტანგ ხმალაძის მტკიცებით, მოცემულ ვითარებაში, როცა მთავრობა 1/3-ით განახლდა და პარლამენტისგან ხელახალ ნდობას საჭიროებს, მმართველ უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატურის დასახელების კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია.
როგორც ამასთან დაკავშირებით ხმალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუკი პარლამენტს მთავრობის ხელმძღვანელის შეცვლა სურს, ის წარდგენილ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, შემდეგ 30 დღის განმავლობაში იგივე შემადგენლობას ხელახლა უყრის კენჭს, ნდობას ისევ არ გამოუცხადებს და ამის შემდეგ პარლამენტის წევრთა 2/5-ის ხელმოწერით, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრად მისთვის სასურველი პირის წარდგენას მოსთხოვს.
"კონსტიტუციის 81/1-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ მთავრობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენს, ხოლო წარდგენის შემდეგი პროცედურა პირდაპირ არის ნდობის გამოცხადების პროცედურა. თუკი პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურის დასახელების სურვილი იქნებოდა, მაშინ კონსტიტუციაში უნდა ყოფილიყო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, მთავრობის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება, ან მთავრობა გადამდგარად ითვლება. ასეთ შემთხვევაში მთავრობის ფორმირების ახალი პროცესი დაიწყებოდა. თუკი პარლამენტის წევრთა უმრავლესობა – თუნდაც ოპოზიციისა და უმრავლესობის ნაწილი შეთანხმდა, რომ სხვა პრემიერ-მინისტრი უნდა, მოიქცევიან შემდეგნაირად: ამ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებენ, შემდეგ 2/5-ით წარდგინების უფლებით ისარგებლებენ და პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურას წარადგენენ", - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.