მინისტრების შეცვლისას პრემიერ-მინისტრმა უნდა იფიქროს არ დაარღვიოს კოალიციური შეთანხმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, რომელიც სწორედ ამ კონტექტში განიხილავს მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის პარლამენტის მიერ ხელახალი ნდობის გამოცხადების არსს და საჭიროებას.
როგორც ხმალაძე განმარტავს, 1/3-ით განახლებულ მთავრობის შემადგენლობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება კოალიციური შეთანხმების დაცვის დასტურის მიზნით სჭირდება.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუკი 1/3-ით განახლებული მთავრობის სახით მოქმედებენ სრულფასოვანი მინისტრები და არა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები, მაშინ რისთვის სჭირდება ასეთ მთავრობას პარლამენტის ხელახალი ნდობა, ხმალაძემ შემდეგი განმარტება გააკეთა: "დღევანდელ პარლამენტს დახვდა საკონსტიტუციო ნორმა, რომლის მიხედვით, როცა პარლამენტი მთავრობას ნდობას თავდაპირველად გამოუცხადებდა, ამის შემდეგ ქუთაისიდან თბილისში წამოსული მთავრობის ყველა წევრი პრემიერ-მინისტრს შეიძლება რიკოთთან ან ზესტაფონში გაენთავისუფლებინა და დაენიშნა ახალი მინისტრები ისე, რომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი არ დადგებოდა, ანუ სხვაგვარად რომ თქვათ, პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა, მოეტყუებინა პარლამენტი – ვნიშნავ იმ მინისტრებს, რომელიც თქვენ გინდათ და ამის შემდეგ ყველა შეეცვალა. ჩვენ ეს ნორმა გავაუქმეთ. საპარლამენტო რესპუბლიკების და საპარლამენტო მონარქიების შემთხვევებში, როგორც წესი, უმრავლესობები კოალიციურია. იშვიათად, სადმე ერთპარტიული უმრავლესობა ჩნდებოდეს. აქედან გამომდინარე, როცა იქმნება მთავრობა, მთავრობაც კოალიციურია, ანუ მთავრობის შემადგენლობა ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობით შექმნილი. ზოგიერთ ქვეყანაში მოდელია ასეთია - როცა რომელიმე მინისტრის შეცვლა ხდება, ამაზე თანხმობას პრემიერ-მინისტრი პარლამენტისგან იღებს, რადგან ისე არ შეცვალოს მინისტრი, რომ ამან კოალიციურ უმრავლესობაში განხეთქილება გამოუწვიოს. ზოგ ქვეყანაში მოქმედებს მოდელი, როცა პრემიერ-მინისტრს შეუძლია გარკვეული რაოდენობით მინისტრების შეცვლა, მაგრამ შემდგომ ნდობის დასადასტურებლად პარლამენტს უნდა მიმართოს. ეს იმიტომ, რომ მინისტრების შეცვლისას პრემიერ-მინისტრმა უნდა იფიქროს, რომ მან კოალიციური შეთანხმება არ დაარღვიოს და არ შექმნას განხეთქილება კოალიციაში. ამის დასადასტურებლად და ამის გარანტიისთვის დევს ეს მექანიზმი, რომ როცა პრემიერმა მთავრობა 1/3-ით შეცვალა, მივიდეს პარლამენტში და მიიღოს ხელახალი ნდობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პრემიერმა არსებული შეთანხმება დაარღვია და ისე შეცვალა მინისტრები, მაშინ მთავრობა პარლამენტში ნდობას ვერ მიიღებს. ეს პრემიერ-მინისტრმა იცის და ამიტომ შეეცდება, არ დაარღვიოს კოალიციური შეთანხმება. ეს არის დანიშნულება რისთვისაც ნდობის დადასტურება ხდება", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.