ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის შეცვლის მოთხოვნით თბოელექტორსადგურებმა სემეკ-ს მიმართეს

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის შეცვლის მოთხოვნით თბოელექტორსადგურებმა სემეკ-ს მიმართეს

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით თბოელექტორსადგურებმა სემეკ-ს მიმართეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში შემოსული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, შპს "მტკვარი ენერგეტიკასა" და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

სემეკ-ის ინფორმაციით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე კომისიაში წარმოსადგენი მოსაზრებების ბოლო ვადად 2015 წლის 29 მაისი განისაზღვრა. კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2015 წლის 10 სექტემბერი. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით აპრილში "ენერგო-პრო ჯორჯიამაც" მიმართა. ტარიფის საკითხი ამ შემთხვევაშიც 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს.

შეგახსენებთ, რომ დენისა და გაზის გაიაფება „ქართული ოცნების“ ერთერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კახა კალაძემ განაცხადა: „ტარიფების შემცირება-არშემცირების თემით უმცირესობა, ანუ "ნაციონალური მოძრაობა" მანიპულირებდა, ჩვენი დანიშვნის დღიდან გამუდმებით გვახსენებდნენ, სად არის თქვენი დანაპირები. სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა, ხალხში გაურკვევლობა შემოეტანა, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ. ენერგეტიკის მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან, აქტიურად ჩავერთე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებულ სამუშაოში, რადგან ეს არის თემა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.“

2012 წლის დეკემბერში მთავრობამ მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც 100-დან 300-კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, დენის ტარიფი 3,54 თეთრით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან თბილისის ის მაცხოვრებლები, ვინც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარდნენ, 13.48 თეთრის ნაცვლად იხდიან 9.94 თეთრს; 101 კვტ-დან 300 კვტ-ის ჩათვლით  არსებული ტარიფი 16 თეთრიდან 12.46 თეთრამდე შემცირდა, ხოლო 301 კვტ–ს ზევით არსებულ ტარიფს არ დაუკლია და ის კვლავაც 17.69 თეთრია.

რეგიონების მოსახლეობა 100 კვტ/სთ მოხმარებულ დენზე 12.98 თეთრის ნაცვლად იხდის 9.44 თეთრს, 101-დან 300 კვტ-მდე 16.52 თეთრის ნაცვლად 12.98 თეთრს, ხოლო 300 კვტ-ს ზევით ტარიფი კვლავაც 17.49 თეთრიან ნიშნულზე შენარჩუნდა.