განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის გადაყენების მოთხოვნა სულ უფრო აქტიური ხდება.
„პროფესიული განათლების პროფკავშირის" ამ მოთხოვნას ის მშობლები უერთდებიან, რომლებიც მინისტრს სასკოლო ასაკის კანონთან დაკავშირებით უპირისპირდებიან.
პირველ შემთხვევაში საუბარია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე მოვლენებზე. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით, ცენტრის დირექტორის პოსტი ვაკანტურად გამოცხადდა. 2006 წლიდან ამ დრომდე, აღნიშნულ თანამდებობას ბუბა კუდავა იკავებდა.
თავად კუდავას განცხადებით, მასზე სამინისტროს მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. „განათლების სამინისტრო უპირისპირდება ჩემი და ჩვენი თანამშრომლების საკმაოდ პრინციპულ პოზიციებს. ეს გამოიხატება ლაილაშის ბიბლიის საკითხში, რადგანაც გარკვეულ ძალებს სურდათ ამ ხელნაწერის გადაცემა ებრაელთა მუზეუმისთვის... ასევე პრინციპული საკითხია შენობის გადატანასთან დაკავშირებული უთანხმოება", - აღნიშნავს კუდავა.
მინისტრ თამარ სანიკიძის მტკიცებით კი სამინისტრომ დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება, რაც ბუბა კუდავას ხელმძღვანელობის დროს იყო წლების მანძილზე მოუგვარებელი. ეს ეხებოდა საცავებისა და ხელნაწერების უსაფრთხოებას.
მინისტრის თქმით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აუდიტის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ბუბა კუდავას პასუხის გაცემა მოუწევს.
“დავაყენეთ კლიმატკონტროლის აპარატი, ასევე, სხვა სამუშაოები ჩავატარეთ, რადგანაც ვიცით, იქ რა საგანძურიც ინახება. ამ დროს არ იყო წლების მანძილზე დაცული ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები. ასევე, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, როგორ არეგულირებდა კუდავა თანამშრომლების ანაზღაურების საკითხს. მე როცა გავეცანი ამ მონაცემებს, დავრჩი გაოცებული და შეურაცხყოფილი, რადგანაც ხელმძღვანელი ახორციელებდა დისკრიმინაციულ მიდგომას თანამშრომლების მიმართ… რატომ აქვს მის მძღოლსა და ფავორიტ თანამშრომლებს სამი ხელფასის ოდენობის დანამატი, როცა მეცნიერ-თანამშრომლებს ან აქვთ ასი ლარი დანამატი და ან საერთოდ არ აქვთ ხშირ შემთხვევაში? ჩვენ მათ გავუორმაგეთ ბიუჯეტი და ეს ნამატი უნდა მიმართულიყო საერთო ხელფასების ზრდაზე. გარდა ამისა, მათ აქვთ საგრანტო შემოსავალი და აქაც მაქვს შეკითხვები. თავად კუდავას ანაზღაურება 450 ლარი კი არ აქვს, როგორც თავად ამბობს, არამედ 3500 ლარამდე საშუალოდ თვეში. მე მაქვს კითხვა, თავად ამდენი თვის მანძილზე კანონის უხეში დარღვევით რომ ახორციელებდა ქმედებას, რატომ ჰყავდა ჩრდილში მთელი რიგი სხვა თანამშრომლები? აუდიტის დასკვნა ჯერ დასრულებული არ არის და მას მოუწევს ბევრად სერიოზულ საკითხებზე პასუხის გაცემა", - განაცხადა სანიკიძემ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლის, პროფესორ მიხეილ ქავთარაძის განცხადებით კი, თამარ სანიკიძის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ბევრი ტყუილია.
მისი მტკიცებით, ინფორმაცია ბუბა კუდავას მაღალი ხელფასის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება, და მინისტრი 200-კაციანი კოლექტივის აზრით არც კი დაინტერესებულა.
ცენტრის თანამშრომლები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ინსტიტუტს ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ სამების ეზოში, რათა სამსახური მთელი ფონდებიან-თანამშრომლებიანად იქ გადავიდეს. ამას კი კუდავა ეწინააღმდეგებოდა.
„პროფესიული განათლების პროფკავშირის" თავმჯდომარე დენის დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და კოლექტივის მიმართ, განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ქმედებები მიუღებელია და თამარ სანიკიძის მხრიდან დივერსია მიმდინარეობს.
“როგორ შეიძლება, ასეთ დაზიანებულ სათავსოებში მომავალ თაობას ის განძი და ნაშრომები შეუნარჩუნდეს, რაც იქ ინახება. ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებაა თანამშრომლების მიმართაც. სიცრუე ითქვა, თითქოს ცენტრს იმხელა თანხა აქვს გამოყოფილი, რომ საკმარისი იქნებოდა მისი მატერიალური ტექნიკური ბაზის წესრიგში მოყვანა, თანამშრომლებისთვის ხელფასების დადგენის კუთხით.
ერთ-ერთ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, პირადად დააწესოს მონიტორინგი, მინისტრების მოქმედებებსა და მათ მოღვაწეობაზე.
28 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილმა, სადაც დედაქალაქის მერი, თავდაცვის მინისტრი და საზოგადოება იყო შეკრებილი, განმიცხადა, რომ ცოტა ხანში თამარ სანიკიძე მინისტრი აღარ იქნებოდა. პრემიერი, რომელსაც პატივს ვცემ, უკვე მესამედ მეუბნება, რომ სანიკიძე მას ატყუებს და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ახორციელებს.
საზოგადოება პრემიერ-მინისტრისგან დაბეჯითებით ითხოვს, განათლების მინისტრის გადაყენებას. ქალბატონ სანიკიძეს, მის გუნდს და პირველ მოადგილეს ქალბატონ ქეთევან ნატრიაშვილის ნდობის ვადა გაუვიდა,”- აცხადებს დავითაშვილი.
„ჩემი ხელნაწერი ჩემი უფლებაა!", - ამ სლოგანით საფრანგეთში მცხოვრები ქართული ემიგრაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებს.
განათლების მინისტრის გადაყენებას ითხოვს მშობელთა ის ჯგუფი, რომელიც სასკოლო ასაკის კანონთან დაკავშირებით თამარ სანიკიძის პოზიციამ გააღიზიანა. მათი თქმით, პრობლემაა არა იმდენად ის, რომ სანიკიძემ პოზიცია არ დათმო კანონთან დაკავშირებით, არამედ ის, რომ მან მშობლებთან შეხვედრაც კი არ ისურვა მათ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად.
„შესაძლოა, მინისტრის პოზიცია გამართლებული იყოს, მაგრამ ის ამის შესახებ უნდა გაგვესაუბროს. განათლების მინისტრმა კი ჩვენთან შეხვედრაც კი არ იკადრა. ვფიქრობთ, ასეთ მინისტრს პოსტზე ყოფნის უფლება არ აქვს. კუდავას ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სანიკიძეს არ შესწევს უნარი, ესაუბროს მოქალაქეებს, დაუსაბუთოს მას ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამიტომ ვთხოვთ პრემიერმინისტრს, სხვა მინისტრებთან ერთად, თამარ სანიკიძის შეცვლაზეც იფიქროს. ეს იქნება იმის დასტური, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების პროტესტს აზრი აქვს და მოქალაქეების მოსაზრებას ითვალისწინებენ,“ – აცხადებენ მშობლები.