სომხეთის ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი ყარაბაღში ანატოლი ბიბილოვის ვიზიტის გამო განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.
ვარდანიანს იმის ახსნა მოუწია, თუ რატომ იმყოფებოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სომხეთში და რატომ მიიღო ის სომხეთის პარლამენტის სპიკერმა. ელჩმა განმარტა, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა და ბიბილოვი მთიანი ყარაბაღის სპიკერმა არჩევნების გამო მიიწვია.
"სომხეთის მხრიდან ოფიციალური არაფერი ყოფილა. სწორედ ეს განვუცხადე მინისტრის მოადგილეს. მათ ჩემი გაიგეს. ვწუხვარ, რომ ყველა ფურცელი მინისტრის მოადგილესთან დავტოვე, თორემ წაგიკითხავდით. მთიანი ყარაბაღის სპიკერის მიწვევით იყო ჩასული. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ იქ ახლა საპარლამენტო არჩევნებია და ამასთან დაკავშირებით ჩავიდა", - განაცხადა ვარდანიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მთიან ყარაბაღში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოსურმა მედიამ გაავრცელა.