თენგიზ შარმანაშვილმა სომხეთის საგარეო უწყებაში ქართული მხარის უკიდურესი შეშფოთება დააფიქსირა

თენგიზ შარმანაშვილმა სომხეთის საგარეო უწყებაში ქართული მხარის უკიდურესი შეშფოთება დააფიქსირა

საქართველოს ელჩი სომხეთში თენგიზ შარმანაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი მანასარიანს შეხვდა.

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, შეხვედრაზე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის ფაქტის გამო ქართული მხარის უკიდურესი შეშფოთება დააფიქსირა.

"მე დავაფიქსირე ჩვენი უკიდურესი შეშფოთება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის თავმჯდომარის" შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით. განვუმარტე, რომ მსგავსი ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებას.

თავის მხრივ სერგეი მანასარიანმა აღნიშნა, რომ ისინი ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ცალსახა მხარდაჭერას და მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", -განაცხადა ელჩმა.

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევა სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარა.

"ჩვენი ინფორმაციით, მისი მიწვევა მოხდა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან", - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც შეხვედრაზე უთხრეს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ამ შეხვედრის შესახებ ცნობილი პოსტფაქტუმ გახდა.

ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი სომხეთის პარლამენტმა ყარაბაღში მიიწვია. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ანატოლი ბიბილოვი და სომხეთის პარლამენტის სპიკერს, გალუსტ სააკიანს შეხვდა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 2 მაისს ყარაბაღში შედგა.