ძალიან ვწუხვარ, რომ ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის საქმე ვერ გაიხსნა

ძალიან ვწუხვარ, რომ ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის საქმე ვერ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წუხილს გამოხატავს, რომ გასულ წელს დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. როგორც დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის წევრზე თავდასხმა და მისი ფიზიკური შეურაცხოფა არა ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად პარლამენტის საქმეა.

აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების, სერგო რატიანისა და გიორგი ვაშაძის პასუხად გააკეთა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ნუგზარ წიკლაურის მძღოლზე მომხდარი თავდასხმის უმოკლეს დროში გამოძიება მოითხოვეს. მათ თავად ნუგზარ წიკლაურთან, ასევე დეპუტატ ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებული ინცინდენტებიც გაიხსენეს და, როგორც აღნიშნეს, საქმეთა გამოუძიებლობა იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ იყო განხორციელებული.

"ძალიან ვწუხვარ, რომ სამართლადამცავი ორგანოების ძალიან ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ნუგზარ წიკლაურის საქმე ვერ გაიხსნა. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან პარლამენტის წევრი უნდა იყოს დაცული პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, მომხდარს პასუხი უნდა გაიცეს. ვიდრე საქმე არ იქნება გახსნილი, ყველას ექნება თითის აქეთ-იქეთ გაშვერის საფუძველი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად ისიც განაცხადა, რომ პარლამენტის წევრებზე თავდასხმისა და შემდგომ სრულიად შეგნებულად გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით "სხვებსაც შეიძლება რაღაცეები გაახსენდეს".

"ის, რაც თქვენ გახსოვთ და იხსენებთ, გავიხსენოთ ძალიან ბევრი სხვა რამ. სრულიად ცალსახად და მკაფიოდ მოგახსენებთ, რომ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, არც მოქალაქეზე და არც პარლამენტის წევრზე, რომელიც ამ თვალსაზრისით მეტად არის დაცული, მსგავსს არ აქვს არანაირი გამართლება, მაგრამ ამასობაში, თქვენ ვარაუდების დონეზე სადღაც იშვერთ თითს. ლევან ბეჟაშვილის ფაქტს რაც შეეხება, ახლა მოვყვე ყველაფერი ლევან ბეშავილის მიყვანა-მოყვანის დროს, ვინ რა ტელეფონზე იყო და როგორ ხდებოდა ამის მენეჯმეტი, დასრულება ლევანთანაც და სხვებთანაც? ასე ძალიან შორს წავალთ", - მიმართა უმცირესობის წევრებს დავით უსუფაშვილმა.