„ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი სარკინიგზო „აბრეშუმის გზა“ გახდება“

„ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი სარკინიგზო „აბრეშუმის გზა“ გახდება“

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი მისი გეოგრაფიული მდებარეობით სარგებლობს და სატრანსპორტო ცენტრს წარმოადგენს.

ამის შესახებ ილჰამ ალეივმა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელთა საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა.

„აზერბაიჯანი აშენებს კასპიის უმსხვილეს პორტს, რომელსაც 25 მილიონი ტონა ტვირთის მიღება შეუძლია. ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი სარკინიგზო „აბრეშუმის გზა“ გახდება“, - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, მეგობრებისა და პარტნიორების წყალობით აზერბაიჯანმა წარმატებული ენერგოპოლიტიკა განახორციელა.

„აზერბაიჯანს არ აქვს გასასვლელი ღია ზღვაზე. ამიტომ ჩვენ მილსადენების მშენებლობამ მოგვიწია. პირველად ისტორიაში, ჩვენ კასპიის ზღვა შავ ზვასა და ხმელთაშუაზღვას დავაკავშირეთ. აზერბაიჯანმა ენერგეტიკული რუკა შეცვალა. ჩვენ ვართ „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) და  „ტრანსადრიატიკის მილსადენის“ (TAP) პროექტების ინიციატორები. სამხრეთის გაზის დერეფანი - ეს ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის რეალიზება 45 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვს. როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის მშენებლობა დასრულდება, ჩვენ 100 წლის განმავლობაში ევროპისა და ჩვენი მეზობლებისთვის ენერგომატარებლების მიმწოდებლები გავხდებით. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია რეგიონალური თანამშრომლობის გაფართოებისკენ. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ საერთო სარგებელზე დამყარებულ თანამშრომლობას. ჩვენ არასდროს ვიყენებდით საკუთარ ენერგორესურსებს, როგორც ზეწოლის საშუალებას და ყოველთვის მხარს ვუჭერდით მომხმარებელ და სატრანზიტო ქვეყნებს“, - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. რკინიგზის ექსპლუატაციაში შეყვანა მიმდინარე წელს იგეგმება. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას მერე, რაც სტამბულში, ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ასევე შესაძლებელი იქნება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს. ამ ხაზით მოხდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანები და ის მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და პირველ ეტაპზე 5 მილიონი ტონა ტვირთი გაატაროს. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. კასპიის ზღვის ფორუმზე, რომელიც სტამბოლში 2013 წლის ბოლოს ჩატარდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად აღიარეს.