ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტმა ორ კვირაში უნდა აირჩიოს

ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტმა ორ კვირაში უნდა აირჩიოს

ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები პარლამენტმა უახლოეს ორ კვირაში უნდა აირჩიოს.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების თუ მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს 14 დღის განმავლობაში ირჩევს. ამასთან, თუკი ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა ან პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი კომიტეტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან შვიდი დღის განმავლობაში არ წარადგენს, აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 დღეში კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.

ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეობის პოსტებზე თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის სავარაუდო შემცვლელებთან დაკავშირებით, მმართველ კოალიციაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ჯერ პოლიტიკურად შეჯერდებიან, კოალიციის რომელ სუბიექტს დაეთმოს აღნიშნული თანამდებობები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდებიან კონკრეტულ კანდიდატურებზე.

მას შემდეგ რაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვიქტორ დოლიძემ დატოვა, ფრაქცია "ქართული ოცნება" მის შემცვლელად ზვიად კვაჭანტირაძეს ასახელებდა, თუმცა საბოლოოდ, აღნიშნილ პოსტზე მხარი თინა ხიდაშელს დაუჭირეს. არ არის გამორცხული, კონსულტაციების პროცესში კვლავ გააქტიურდეს კვაჭანტირაძის კანდიდატურის დასახელების საკითხი.