საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სამმხრივი ურთიერთობის სასარგებლოდ მეტყველებს თავად ფიზიკა და გეომეტრიაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ორდღიან საპარლამენტთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც პარლამენტში დღეს გაიხსნა.
მისივე განმარტებით, თუ სამი ქვეყანა მყარად იდგება ერთად, მინიმუმ გასამმაგდება იმ მხარდაჭერის ეფექტურობა, რომელიც ახლა თითოეულს ცალ-ცალკე აქვს.
"ჩვენი სამხრივი ურთიერთობის სასარგებლოდ მეტყველებს თავად ფიზიკა და გეომეტრიაც კი. მოგეხსენებათ, სამკუთხედი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წარმონაქმნი, რომელსაც ემყარება ძალიან ბევრი რამ. ამიტომ თუ ჩვენ, სამი ქვეყანა მყარად ვიდგებით ერთად, მაშინ მინიმუმ გასამმაგდება იმ მხარდაჭერის ეფექტურობა, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის ხელმისაწვდომი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამასთან, მან ფორუმის მონაწილე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს ახალი ინიციატივითაც მიმართა და სამი ქვეყნის პარლამენტების მიერ ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების წინადადებით გამოვიდა.
"მოხარული ვარ, რომ აქ გვესწრება ჩემი ყოფილი კოლეგა – მოლდოვას ყოფილი სპიკერი. წეღან, როდესაც მივესალმე, ვუთხარი, რომ მისი მშურს. რაც უფრო მალე შემოგიერთდებით, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. რაც შეეხება ჩემს იდეას, ის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, სამი ქვეყნის პარლამენტებმა საფუძველი ჩავუყაროთ ყოველწლიურ კონფერენციებს, რომელიც მიეძღვნება ევროპასთან ასოცირების პროცესის საპარლამენტო ასპექტებს. ჩვენ მორიგეობით ვუმასპინძლებდით ამ კონფერენციას და მასზე მოვიწვევდით კოლეგებს - ევროპარლამენტის საგარეო და ევროპული მიმართულების კომიტეტების ხელმძღვანელებს, სხვა შესაბამისი თანამდებობის პირებს, რათა სწორედ საპარლამენტო ასპექტებზე გვესაუბრა. ეს მოგვცემდა საშუალებას გაგვემყარებინა ჩვენი სამმხრივი ურთიერთობაც და ასევე დაგვემყარებინა პრაქტიკულად ინსტიტუციური კავშირი ევროპის ქვეყნების პარლამენტების სათანადო წარმომადგენლებთან. ჩვენ დღეს არ ვეხებით იმ უმნიშვნელოვანეს თემებს, რაც ჩვენი მთავრობების თანამშრომლობის დონეზე განიხილება, მაგრამ პარლამენტებმა, რა თქმა უნდა, უნდა მივცეთ ახალი ენერგია და დატვირთვა ამ პროცესს", - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს.