მე ალბათ უფრო ხშირად გამოვჩნდები მედიასთან, ვიდრე ბატონი მინდია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულმა თავდაცვის ახალმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
ხიდაშელი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თავდაცვის უწყების საგარეო ორიენტირების შესახებ ხშირად ისმოდა კითხვები, ხოლო თინა ხიდაშელის დანიშვნით ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცა.
"მინდია ჯანელიძე არსად წასულა, რაც ადასტურებს იმას, რომ არავითარი მსგავსი კითხვები არ არსებობს. ის დაბრუნდა ძალიან მნიშვნელოვან სამსახურში – უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოში ხელმძღვანელად, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშავოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რაიმე ეჭვები რომ არსებობდეს ამ თვალსაზრისით, მაშინ ეს ურთიერთობა როგორ უნდა განვითარდეს? ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მე სწორედ მინდიასთან მქონდა ზუსტად იმიტომ, რომ არანაირი ასეთი ეჭვებისთვის საფუძველიც კი არ არსებობს. შეიძლება ვიღაცა მედიასთან უფრო ხშირად ჩნდება და ვიღაცა _ ნაკლებად. თუ ამაშია პრობლემა, გარწმუნებთ, რომ მე, ალბათ, უფრო ხშირად გამოვჩნდები, ვიდრე ბატონი მინდია ჩანდა, მაგრამ ეს არაფერზე არ მეტყველებს ორიენტაციასთან, კურსთან, თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულებებთან და პოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით. კატეგორიულად უარს ვაცხადებ ამ ტიპის მსჯელობაზე და ამას დაგიდასტურებს შემდეგი კვირების და თვეების განმავლობაში, როდესაც თქვენ ნახავთ, რა ინტენსიურად გვექნება ჩვენ ურთიერთობა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.