ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერს ანატოლი ბიბილოვს სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ გალუსტ სააკიანმა უმასპინძლა. შეხვედრა გასულ კვირას მთიან ყარაბაღში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ე.წ პარლამენტის ვებგვერდი ავრცელებს.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მოლაპარაკებების დროს ბიბილოვმა და სააკიანმა ოსმალეთის იმპერიის დროს 1915 წელს სომხების გენოციდის შესახებაც ისაუბრეს.
"როგორც სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ოსი ხალხი, რომელიც საქართველოს მხრიდან გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა, იზიარებს სომეხი ხალხის ტკივილს", - წერია ე.წ. პარლამენტის ვებგვერდზე.
ბიბილოვის თქმით, სომხებსა და ოსებს შორის კავშირები საუკუნეებია არსებობს, ხოლო მას შემდეგ რაც მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მთიან ყარაბაღსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიპლომატიური კავშირები ჩამოყალიბდა. ამას გარდა, ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სომხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ისინი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ.
"საქართველოს მხრიდან აგრესიის დროს კი სომხები სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ოსების გვერდით იბრძოდნენ", - წერია ცხინვალის დე ფაქტო უწყების ვებგვერდზე.
ანატოლი ბიბილოვის ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მთიან ყარაბაღში 3 მაისს გამართული ეროვნული ასამბლეის ე.წ არჩევნებში სომეხი დამკვირვებლების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს ბიბილოვი და სააკიანი შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.